მარია შარაპოვას ავტობიოგრაფია

0
87

ავიღე ჩოგანი და კორტის შორეული ნახევრისკენ წავედი. რობერტს სულ ხუთი წუთი დასჭირდა, რომ სავარძლიდან წამომდგარიყო. ამასთან, არ შეუწყვეტია ბუზღუნი და ლანძღვა. მამა გვერდით იდგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. შევხედე მას და მინდოდა მეთქვა: “მადლობა, მამიკო! შეხედე ამ მთვარეულს! შესანიშნავი იდეაა”. როგორც იქნა, რობერტი კორტზე გავიდა და მოემზადა. დიდ კალათს მოაგორებდა, რომელშიც, ალბათ, ხუთასამდე ბურთი იქნებოდა. მოწოდების ხაზთან ვიდექი. ჩვეულებრივ, ასე ვხურდები – უკანა ხაზიდან ვიგერიებ ბურთებს.

– მანდ რა ჯანდაბას აკეთებ? – მკითხა მრისხანედ ლანსდორპმა.

– არ ვიცი, – ვუპასუხე მე, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, თურმე არასწორი იყო. – ასე ვხურდები.

აღმოჩნდა, რომ ის არის მწვრთნელი, რომელიც, უბრალოდ, ბურთებს გესვრის, ზედიზედ, როგორც მანქანა. ის დარტყმებით არ გპასუხობს, არ ურტყამს ჰაერიდან. უბრალოდ. ბურთებს გესვრის გაუთავებლად, შენ კი, უბრალოდ, ურტყამ და ურტყამ.

– ახლა, უკანა ხაზზე! – დამიყვირა მან.

კარგი. შორეულ ხაზზე გადავედი და ის იდეალურად აგდებდა ჩემკენ ბურთებს. დაუჯერებელი თვისება ჰქონდა. შეეძლო, დაუსრულებლად გადმოეგდო ბურთები, ამასთან, არ შეეცვალა არც სიჩქარე და არც რიტმი. ერთი საათი ვარჯიშის შემდეგ, გრძნობდი, რომ შეგეძლო ამ ბურთების ერთი და იგივე თანაბარი, ძლიერი დარტყმით მოგერიება, თუნდაც დახუჭული თვალებით.

ამ წიგნზე მუშაობისას, რობერტსაც შევხვდი. დღეს ის ლოს ანჯელესის სამხრეთით, საკუთარ სახლში ცხოვრობს და როცა სამზარეულოში ფინჯანი ყავით ჯდება, მის წინ იშლება ხედი ლონგ-ბიჩის ყურეზე, გემებითა და ტანკერებით მთელი მსოფლიოდან. ეს მას ფიქრში ეხმარება. რობერტს უყვარს ლაპარაკი და ხანდახან რაღაცების გახსენება. მან შეინახა რამდენიმე რელიკვია, რომელიც იმ დროს ახსენებს, რომელიც ერთად გავატარეთ. ფოტოები, ძველი ჩოგნები და კოლაჟიც კი, რომელიც მე მისთვის გავაკეთე (როგორც ხედავთ, ბოლოს და ბოლოს, მეც ვერ გავექეცი კოლაჟებით გართობას!). წარსულზე ის მშვიდად ლაპარაკობს, ბედნიერი გამომეტყველებით, არადა, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, სიმშვიდესა და ბედნიერებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ეს იყო სრული სიგიჟე.

ვკითხე მას, ახსოვდა თუ არა ჩვენი პირველი შეხვედრა?

– რა თქმა უნდა.

– და როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

– გავიფიქრე, რომ შენ იყავი ერთი პატარა გამხდარი გოგონა, რომელიც კარგად დარბის. ფორჰენდი სუსტი გქონდა, ძალიან სუსტი. ერთი კროსის (დარტყმის სახეობა ჩოგბურთში, რომლის დროსაც ბურთს გზავნიან კორტის დიაგონალზე) გაკეთებაც არ შეგეძლო. მახსოვს, იურიმ მკითხა პირველი ვარჯიშის ბოლოს: “აბა, ლანსდორპ, რას ფიქრობთ ჩემს ქალიშვილზე?” მე მას ვუპასუხე:

– არ არის ცუდი, იური. მაგრამ მისი ფორჰენდი გულს მირევს.

მე გავაკეთე რამდენიმე ჩანაწერი ლანსდორპზე ჩემს დღიურში. აი, ერთ-ერთი პირველი:

“ყველაზე მთავარი ლანსდორპში ის არის, რომ არ ცდილობს, შემოგაჩეჩოს ათასი ნაგავი. თუ თქვენ გულს ურევთ მას, ის გეტყვით, რომ გულს ურევთ. მას საერთოდ არ აინტერესებს – დაიღალეთ თუ არა და აღარ შეგიძლიათ მუშაობა. გაიძულებთ დაუსრულებლად გააგრძელოთ”.

თავად რობერტის ქცევა იყო გამოწვევა. ეს იყო ნამდვილი გამოცდა, შესაძლოა, ტესტიც კი. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იოლად ბრაზდება და ვერ იტანს კრიტიკას თავისი მისამართით, უმჯობესია ეს თავიდანვე გაარკვიოს. თუ არ ხართ მზად მოისმინოთ მკაცრი და უხეში შენიშვნები, ლანსდორპს ვერ შეეწყობით. მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შევეწყობოდით ერთმანეთს. ის იყო ადამიანი ბევრი უცნაურობით, მაგრამ ჰქონდა სუსტი წერტილი. ის თავს გაჩვენებთ საშიშ ადამიანად, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცუდად იცნობთ მას. ბევრი რამ უნდა გაიარო, რომ მართლა გაიცნო ეს ადამიანი.

როცა მას პირველად ხვდები, ის აუტანლად გეჩვენება და ასეთი შეხვედრები იშვიათად მიმდინარეობს კარგად. მაგრამ ბავშვობიდანვე ვიცოდი – როგორი ურთიერთობა მქონოდა რთულ ადამიანებთან. დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე ეს უნარი და ყოველთვის ვიცოდი საუკეთესოების ამორჩევა და დანარჩენების თავიდან მოშორება. ამაში მდგომარეობს ჩემი ფილოსოფია.

მალე შევეჩვიე ახალ განრიგს. ბოლეტიერისთან რეგულარული გაკვეთილების გარდა, ყოველი თვის ბოლოს, ერთი კვირით მივფრინავდი ლოს ანჯელესში ლანსდორპთან ვარჯიშებისთვის. თავდაპირველად, მე და მამა კლუბ “რივიერას” გვერდით იაფ სასტუმროში ვჩერდებოდით. მოგვიანებით, რობერტმა თავისი ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახს სთხოვა, რომ ლოს ანჯელესში ყოფნისას, ჩვენ მათ სახლში გვეცხოვრა, რათა ფულის ეკონომიის საშუალება გვქონოდა. ლაპორტერები გულისხმიერად დათანხმდნენ. ისინი პალო-ვერდეში დიდ სახლში ცხოვროდნენ და ოჯახში ორი ბავშვი ჰყავდათ – შეინი და ესტელი.

როცა პირველად ვესტუმრეთ, კარი პატარა გოგონამ გაგვიღო – აჩეჩილი თმებითა და მთლიანად ჭორფლით დაფარული სახით. ცხრა წელზე მეტის არ იქნებოდა და საეჭვო მზერით შეგვხედა: რა უნდათ ამ გამხდარ ქერათმიან გოგონასა და მის მამას ჩემოდნებით ჩვენი სახლის კართან? ჩვენ მალე დავმეგობრდით. შესაძლოა, იმიტომ, რომ მას მობეზრებული ჰქონდა ძმასთან, შეინთან ერთად კალათბურთის თამაში.

ჩემს ცხოვრებაში ის პატარა დასავით გახდა, რომელიც არასოდეს მყოლია. ესტელი ცოტას თამაშობდა ჩოგბურთს, მაგრამ ყველაზე მეტად სკოლა აინტერესებდა. იმ დღეებში, როცა იქ მიდიოდა, მოუთმენლად ველოდი მის გაღვიძებას, შემდეგ ვეხმარებოდა მთელი დღისთვის ტანსაცმლის შერჩევაში. რაღაც დრო ერთად მივაბიჯებდით, შემდეგ თავისი სკოლისკენ უხვევდა, მე კი სკოლის უკან საზოგადოებრივ კორტებზე მივდიოდი, სადაც მამასთან ერთად მოწოდებას ვავარჯიშებდი. იქიდან შემეძლო ესტელი საკლასო ოთახში დამენახა. ხელს ვუქნევდი, ის კი თავს იკატუნებდა, თითქოს ვერ მხედავდა, რათა მასწავლებელთან უსიამოვნებები არ ჰქონოდა.

ყოველი დღის ბოლოს, უკანა ეზოში ბატუტზე დავხტოდით იქამდე, სანამ არ დაბნელდებოდა ან მამა არ დამიძახებდა. ის მაწყვეტინებდა გართობას, რადგან მეორე დღეს ვარჯიში მელოდა.

ბევრი თამაში გვქონდა, ძირითადად, გარდასახვასთან დაკავშირებული. მაგალითად, ერთ-ერთი საყვარელი თამაში იყო ბანკი – რკინის ყუთით, რომელიც სალაროს როლს თამაშობდა და საკუთარი ხელით დახატული ბანკნოტებით. აგრეთვე, შერლოკ ჰოლმსი, რომელშიც ჩვენ თავიდან დანაშაულს ჩავდიოდით, შემდეგ კი ვხსნიდით მას. მოგვიანებით, გამოვიდა წიგნები ჰარი პოტერზე. ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით – ვინ წაიკითხავდა პირველი თავიდან ბოლომდე.

მრავალი თვის განმავლობაში, ვგეგმავდით მგზავრობას დისნეილენდში. რუკაზე აღვნიშნავდით თითოეულ ადგილს, სადაც გვინდოდა მოხვედრა. ერთხელ ვკითხე რობერტს – მაჩუქებდა თუ არა ერთ შაბათს დისნეილენდში გასამგზავრებლად. როგორც კი სიტყვა დისნეილენდი ვახსენე, მაიძულა კორტის ერთი ბოლოდან მეორემდე 100-ჯერ გაქცევა. შემდეგ კი გამგზავრების უფლება მომცა.

უკვე 18 წელი გავიდა, მე და ესტელი კი ჯერ ისევ ვგეგმავთ დისნეილენდში გამგზავრებას და ისევ განვიხილავთ ჰარი პოტერს. ჩვენ მყარი მეგობრობა გვაკავშირებს. ერთმანეთის ერთგულნი ვართ და ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთს ვენდოთ. შეიძლება სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებოდეთ, მაგრამ ჩვენ შორის მყარი კავშირია.

შესანიშნავი იყო, რომ ესტელის სახლში გვიწევდა გაჩერება. მოუთმენლად ველოდებოდი ამ მგზავრობებს – მისი წყალობით, კვირა არ ემსგავსებოდა დაუსრულებელ წამებას. ესტელი მართლაც მეხმარებოდა ამ წლების გადატანაში. მიყვარს ის და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here