ქართველი “ამერიკელები”

0
544

ემიგრაცია – ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი…
უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაეკარგა საქართველოს და სამწუხაროდ ეს დანაკარგი დღითი დღე უფრო და უფრო ღრმა ფორმებს იძენს.
ჩვენი ქვეყნის მძიმე ბედის გამო ოდითგანვე წყდებოდნენ ფესვებს ქართველები და ამის მიზეზი ათასგვარი და მტკივნეული იყო: მონათა ბაზარი, რეჟიმს გაქცევა, ეკონომიური რესურსების ძიება, ომი,  ხელოვნების და სპორტის მაღალი საფეხურებისკენ  სწრაფვა  და სხვა მრავალი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ და ჩამოვცრემლოთ „დაკარგულების“  „გასამართლებლად“.

  ამ  სტატიაში მოთხრობილი იქნება  ამერიკის შეერთებულ  შტატებში მიგრირებული ქართველებსა და მათი წარმატებების შესახებ.

გურული მხედრები ამერიკაში


პირველი ოფიციალური ცნობა ქართველთა აშშ–ში სტუმრობის შესახებ ჩნდება 1890 წელს.  
12 გურული მხედარი პრინც ივან როსტომოვ–მაჭარაძის მეთაურობით მხედართა შეჯიბრებაზე ჩასულა. მათ სწრაფად მიუპყრიათ ამ ღონისძიების მაყურებელთა ყურადღება თავისი ენერგიულობის, განსაკუთრებული სტილის და დახვეწილი მხედრობის წყალობით.
შემდეგ უკვე 1910 წელს 30 ქალბატონისა და მამაკაცისგან  შემდგარი ქართველთა ჯგუფი – ძმები რიდინგების ცირკის არენაზე  გამოსვლით იწვევდა მაყურებლის აღტაცებას.
პირველ მსოფლიო ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი აშშს  ორმოცდაათამდე  ქართველი  ესტუმრა და დასავლეთ სანაპიროზე რკინგზის გაყვანის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ. ზოგიერთი მათგანი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და შორეულ კონტინენტზე არჩია დამკვიდრება.
მაგრამ ქართველი ემიგრანტების პირველ დიდ ტალღას 1921 წელს საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული არისტოკრატია, სამხედრო პირების და პოლიტიკური პირების ოჯახები შეადგენდნენ. ინგლისურის არმცოდნე და ეკონომიურად მძიმე პირობებში მყოფმა ქართველებმა ურთულესი დღეები გადაიტანეს. ზოგიერთი ვერ შეეგუა ამერიკულ ცხოვრების წესს და ევროპაში დაბრუნებულები გერმანიაში, საფრანგეთში,პოლონეთში, თურქეთში,ბელგიაში და სხვა ქვეყნებში ემიგრირებულ თანამემამულეებს შეუერთდნენ. ზოგიერთნი კი დაქორწინდნენ ამერიკელ ქალბატონებზე, ან დაივიწყეს თავიანთი წარმომავლობითი სიამაყე და თავის გადასარჩენად არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ.

ქრისტინე ცინცაძე – ქალი მხედარი

ქართველი ემიგრანტების მეორე ტალღა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გამოჩნდა ამერიკაში: რომელშიც ძირითადად ომში ტყვედნამყოფი ქართველები და მათი ოჯახები შედიოდნენ (საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემთხვევაში მათ მინიმუმ ციხე ელოდათ) ამ ჯგუფში ასევე საბჭოთა რეჟიმს ომამდე გამოქცეული ქართველობაც შედიოდა.
ემიგრანტების ამ ნაწილს წინასგან განსხვავებით ნამდვილად გაუმართლა, რადგან მათი უფლებებისა დასაცავად და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის ხელშესაწყობად სპეციალურმა ორგანიზაციებმა იზრუნეს(მათ შორის „ტოლსტოის საზოგადოება“). დაასაქმეს სამხედრო, ინდუსტრიის, იურისპრუდენციის თუ სხვა პროფესიულ  სფეროებში.
მესამე ტალღის ემიგრანტები ეკონომიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო, ბიზნეს თუ სხვა ოჯახური მიზეზების გამო ეწვივნენ შორეულ კონტინენტს და ძირითადი დასახლებები ნიუ–იორკის, ვაშინგტონის, ბოსტონის, დეტროიტის, ჩიკაგოს, სიეტლის, ატლანტასა და ლოს–ანჟელესის სიახლოვეს შექმნეს.
ამგვარად აშშ–ში ქართველთა ემიგრაცია დღემდე ინტენსიურად გრძელდება და ძირითადად დღესდღეობით ეს ჩვენს ქვეყანაში გამეფებული სიდუხჭირის გამოისობით ხდება.
მაგრამ….. სამშობლოსგან შორს – ზოგიერთმა მათგანმა შესძლო სახელის მოხვეჭა და დაფასებულ მოქალაქედ გახდომა.  წარმოგიდგენთ მათ:

სამხედრო სფეროში  უმაღლესი რანგის პირველი ქართველი წარმომადგენელი იყო – გენერალი ჯონ შალიკაშვილი, რომელიც ვიეტნამისა და კორეის ომის მონაწილე ვეტერანი იყო. შალიკაშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშობლებთან ერთად ჩავიდა ამერიკაში. დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი და 1958 წელს სამხედროებს შეუერთდა. 1992-1996 წლებში შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ჯონ შალიკაშვილი


აკადემია და განათლების სფერო: 

თემურ ჯორჯაძე ნიუ იორკის პაის უნივერსიტეტის კინოსა და ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი იყო.

ბალეტი და მუსიკა:
ჯორჯ ბალანჩინი (1904–1983)–ბალერონი, ქორეოგრაფი. ნიუ იორკის ბალეტის აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი. მუშაობდა მეტროპოლიტენ ოპერაში, შექმნა 200-ზე მეტი ბალეტ–წარმოდგენა, იყო რამოდენიმე ფილმის და ბროდვეის მიუზიკლის ქორეოგრაფი. ასევე დაწერა წიგნი „101 საბალეტო ისტორია“.

ლექსო თორაძე – პიანისტი, 1983 წელს ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრს შეუერთდა.

გიორგი ჭავჭავაძე – (1904-1962)– საერთაშორისო დონის პიანისტი.

გიორგი პაპაშვილი

ლიტერატურა:
გიორგი პაპაშვილი – (1898-1978)–ემიგრაციის შემდეგ 1920 წელს იქორწინა ამერიკელ ქალზე ჰელენ უაითზე და მასთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი (შემდეგში ბესტსელერი) – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს „–(1944), სადაც მისი , როგორც ემიგრანტის თავგადასავლებია აღწერილი. ამ ნაწარმოების მიხედვით პარამოუნტ–ფიქჩერსმა კინო–ფილმიც გადაიღო. პაპაშვილმა და მისმა მეუღლემ ასევე გამოაქვეყნეს ნოველები „ყველა ბედნიერი დასასრული“(1956) და „შინ და შინ კვლავ“(1973), სადაც მწერლის და მისი მეუღლის საქართველოში დაბრუნების განცდებია აღწერილი.
სვეტლანა ალილუევა (ჯუღაშვილი,სტალინის ქალიშვილი)– ავტორი წიგნებისა „ოცი წერილი მეგობარს“(1967) და „მხოლოდ ერთი წელიწადი“(1969)– სადაც ამერიკის შესახებ მისი შთაბეჭდილებებია აღწერილი.

ვალერი ჭალიძე


ვალერი ჭალიძე – მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებებზე წერდა და მთელი მისი შემოქმედება ადამიანების უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული.
დავით ჭავჭავაძე – მწერალი, ლინგვისტი, პუბლიცისტი, დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი.

პოლ ჭავჭავაძე


პოლ ჭავჭავაძე – (1899–1971)–მწერალი და პუბლიცისტი, თარგმნიდა ნაწარმოებებს ქართულიდან ინგლისურზე. (ასევე დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი)
ჟურნალისტიკის დარგში ყველაზე განთქმული ქართველთაგან იყო – ვლადიმერ ბაბიშვილი, საერთაშორისო კორესპონდენტი, რომელმაც „ამერიკის ხმისთვის“ დაახლოებით ოცი წელიწადი იმუშავა. ასევე თარგმნიდა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაშრომებს.

კულინარია  
გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე ამ დარგშიც იჩენენ თავს და გამოსცემენ კულინარიულ სახელმძღვანელოს „რუსული სამზარეულო“, სადაც რუსულთან ერთად ქართული კერძებიც შეიტანეს.
გიორგი პაპაშვილის სახელს უნდა დავუკავშიროთ ქანდაკების სფეროც. მას ეკუთვნის რამოდენიმე ძალიან ლამაზი ნამუშევარი, მათ შორის „ქართველი ხალხური სიმღერების მომღერალი“, ეს ნაშრომი სხვა მოქანდაკეების ნამუშევრებთან ერთად აღბეჭდილ იქნა დოკუმენტურ ფილმში – „სილამაზე ქვაში“

მეცნიერება
ალექსანდრე ქართველიშვილი – აერონავტიკის ინჟინერი, P-47-ის და S-84-ის შემქმნელ–დიზაინერი. მეორე მსოფლიო ომის და კორეის ომის დროს. ის არის ამერიკის რესპუბლიკური ავიაციის ფუძემდებელი.

სოციალური სფერო
პრინცი თეიმურაზ ბაგრატიონი (1913-1992) საქართველოს მონარქიის დისიდენტი წარმომადგენელი „ტოლსტოის  საზოგადოების“ პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების სემდეგ გახდა და ამ პოსტს გარდაცვალებამდე იკავებდა. მისი შემწეობით უამრავმა ევროპელმა და კავკასიელმა, აფრიკელმა და აზიელმა, ასევე ლათინო–ამერიკელმა ემიგრანტმა შესძლო ამერიკის მიწაზე ახალი ცხოვრების დაწყება.

ბიზნესი

პრინცი არჩილ გურიელი – ჭყონია (1895-1955) აშშ–ში 1937 წელს ჩავიდა მეუღლესთან მადამ ჰელენა რუბენშტეინთან (1882-1965) (კოსმეტიკის დედოფლად წოდებული)ერთად. ისინი ძალიან მალე წარმატებულ ბიზნეს–წყვილად იქცნენ. მათ გახსნეს „გურიელის სააფთიაქო“ ორი ძირითადი ქალთა და მამაკაცთა კოსმეტიკური ხაზით. პრინცმა ასევე დაარსა „პრინცი მაჩაბელის“– “Prince Machiabelli” ხაზი სადაც რამოდენიმე პოპულარული პროდუქტი შედიოდა –”Cachet”1970, “Chimere”–1980 და ა.შ ამ პროდუქტებს არჩილის გარდაცვალების შემდეგაც არ დაუკარგავთ პოპულარობა.

არჩილ გურიელი და
ჰელენა რუბენშტეინი
სალვადორ დალის არჩილ გურიელის პორტრეტი

ჯორჯ კობი -(გრიგოლ კობიაშვილი) – უამრავი პატენტის ავტორი.(მათ შორის – ავტო-კალამი, ნაძვისხის მინის სათამაშოები, ნაძვისხის მინის სანთლები (რისმა გამოგონებამაც საგრძნობლად შეამცირა ხანძრების და ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა, რადგან მანამდე ნამდვილ სანთლებს ანთებდნენ ნაძვის ხეებზე), სამედიცინო ამპულები, მაჩაბელის სუნამოს საუცხოო მინის შუშები და ა.შ) ამერიკის მინის ინდუსტრიაში უდიდესი გადატრიალება მოახდინა. ეხმარებოდა ამერიკულ ავიაციასაც. სამშობლოში მოუარა თავის სოფელს. „ ჯორჯ კობი – შობაა“- არ არსებობს ამერიკელი, ვინც ეს ფრაზა არ იცის. ჯორჯ კობიზე ცალკე ვრცელი მოკვლევის გაკეთება შეიძლება.

ჯორჯ კობი
ჯორჯ კობი მეუღლესთან ერთად ეწვია მშობლიურ სოფელს


აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არ არის მეორე სამშობლოში წარმატებით დაფუძნებულ ქართველ გამომგონებელთა თუ მოღვაწეთა სრული სია.
ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ქართველი აღიარების გარეშე დარჩა იქაც,იმ შორეთში და ჩვენამდე ვერ მოაღწიეს მათმა დამსახურებებმა.

ავტ.ნათია პაპიძე














დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here