ეს არჩევნები იყო ყველაზე უარესი არჩევნები, რაც ჩვენ გვქონდა „ოცნების“ პირობებში – არასამთავრობოები ეუთოს დასკვნას ეხმაურებიან

0
218

საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ეუთოს შემაჯამებელ დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სრულად იზიარებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დასკვნაში მოყვანილ დარღვევებთან დაკავშირებით ყურადღება, თავადაც არაერთხელ გაუმახვილებიათ არჩევნების მიმდინარეობისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მართლაც დააფიქსირეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები.

„ეს არჩევნები იყო ყველაზე უარესი არჩევნები, რაც ჩვენ გვქონდა „ქართული ოცნების“ პირობებში და ისინი საუბრობენ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზე ვსაუბრობდით არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ამომრჩევლის ყიდვის და ხმების ყიდვის პრობლემაზე ვსაუბრობდით ჩვენც. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე არიგებდნენ ფულს და ასევე ის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომელიც გააჟღერა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც 600 ათას ამომრჩეველს გადაუხადეს ვალები. ეს თავისთავად იყო უპრეცენდენტო რამ და ცხადია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ყველაფერი დააფიქსირეს,“ – აცხადებს გიგაური.

ეუთოს დასკვნაში მოყვანილ გამოწვევაზე, რომელიც ვალების განულების პროგრამას უკავშირდება, საუბრობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე. სულხან სალაძის თქმით, დასკვნაში საკმაოდ კრიტიკულ გამოწვევებზეა საუბარი, რასთან გამკლავებასაც ხელისუფლება მომდევნო არჩევნებისთვის უნდა შეეცადოს.

„რასაც ახლა ჩვენ ეუთოს დასკვნაში ვნახულობთ, ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ შეფასებების, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს ეხებოდა როგორც რესურსების გამოყენებას, მედიასთან დაკავშირებულ გამოწვევას, ეხებოდა იმ ყველაზე მსხვილ პროგრამას, რომელიც საქართველოს 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობდა. ყველა ეს და სხვა თანმდევი ფაქტები შეფასებულია როგორც კრიტიკული გამოწვევები ქვეყნისთვის და არის მოწოდება ეუთოს დასკვნაში, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, რათა მომავალ არჩევნებზე იგივე გამოწვევები არ გვქონდეს,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

ეუთოს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here