„არაფერი უწყობს ისე ხელს მომავლის შექმნას, როგორც თამამი ოცნებები. დღეს – უტოპიაა, ხვალ კი – სისხლი და ხორცი“.

0
264

ყოველი ოცნება ადამიანს იმ ძალებთან ერთად ეძლევა, რაც მის განსახორციელებლადაა საჭირო. თუმცა შეიძლება ცოტა შრომაც დაგჭირდეთ“.
რიჩარდ ბახი


ალბათ ადამიანი, რომელიც არაფერზე ოცნებობს, არც არსებობს. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი ოცნებას ადრეულ ასაკში, დაახლოებით 4 წლიდან იწყებს. შესაძლოა ოცნება ადამიანების გარდა სხვა არსებებსაც შეუძლიათ, მაგრამ სწავლულები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ადამიანის წარმოსახვას ძალუძს პოზიტიური ემოციების გამომწვევი სახეების შექმნა გონებაში.

ყველა ადამიანს საკუთარი ოცნება აქვს. და როგორც ვიქტორ ჰიუგო ამბობდა, „გაცილებით ზუსტად შეიძლება ადამიანზე იმსჯელო მისი ოცნებების მიხედვით, ვიდრე ფიქრების მიხედვით“. შესაძლოა, სწორედ ოცნებამ აქცია გამოქვაბულის მკვიდრი არსება ადამიანად ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით.
ადამიანები რომ არ ოცნებობდნენ, ისევ პირველყოფილ პირობებში ვიცხოვრებდით. „ადამიანს ოცნების უნარი რომ წავართვათ, გაქრება კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და მშვენიერი მომავლის სახელით ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წამაქეზებელი სტიმული“, – წერდა კონსტანტინ პაუსტოვსკი. კიდევ უფრო ადრე კი ონორე დე ბალზაკს უწერია: „ჭეშმარიტი მეცნიერი – ეს მეოცნებეა. ვისაც ოცნება არ ძალუძს, ისინი თავს პრაქტიკოსებს უწოდებენ“.

ზოგიერთი მეოცნებე წინასწარმეტყველების უნარითაცაა დაჯილდოვებული. მაგალითად, თითქმის ყველაფერი, რაც ჟიულ ვერნმა თავის ნაწარმოებებში აღწერა, მომავლის რეალობაში განხორციელდა კიდეც. თუმცა ინტუიციის გარდა ჟიულ ვერნი მისი თანამედროვე ტექნიკის შესანიშნავ ცოდნასაც ფლობდა.
ზოგი მორცხვად ოცნებობს, მხოლოდ საჰაერო კოშკების შენებით კმაყოფილდება, ზოგიერთები კი თამამად ოცნებობენ და ოცნებებს განხორციელებისთვის ძალღონესაც არ იშურებენ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ვინც უბრალოდ ოცნებობს, მაგრამ სულ ერთსა და იმავეზე, ოცნება უხდება.

ზოგჯერ სკეპტიკოსები გვაფრთხილებენ: „სანამ ოცნებას დაიწყებ, დაფიქრდი, ვაი და ახდეს“. მართლაც, ნუ იოცნებებთ ისეთ რაიმეზე, რამაც თქვენ ან სხვა ადამიანებს ზიანი შეიძლება მიაყენოს. და საერთოდაც, იოცნებეთ მხოლოდ თქვენს თავზე, სხვისი წაბიძგება თუნდაც ბედნიერებისკენ უმადური საქმეა.
არის ოცნებები, რომლებიც არ ხდება. როგორ ვიოცნებოთ ისე, რომ მოგონილი ამბები რეალობად იქცეს? პირველ რიგში, ოცნება ზუსტი უნდა იყოს. არ უნდა ვიოცნებოთ უბრალოდ სიყვარულსა თუ უბრალოდ სიმდიდრეზე. უფრო სწორად, ოცნება კი შეიძლება, მაგრამ სასურველის ახდენას ხელი თუ გვინდა შევუწყოთ, აჯობებს კონკრეტულად ვიოცნებოთ რომელიმე მანქანაზე ან რომელიმე უბანში მდგომ კერძო სახლზე. თუ საყვარელ ადამიანს შეკვეთით გინდათ შეხვდეთ, ჩამოაყალიბეთ თქვენს გონებაში სასურველი პიროვნების იერსახე და დაფიქრდით, ხასიათის რა თავისებურებები გინდათ რომ მას ქონდეს

და შემდეგ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ ოცნების ასასრულებლად ანუ ეძებეთ შესაბამისი სამსახური და იარეთ ადგილებში, სადაც შეიძლება სასურველ ადამიანს შეხვდეთ, რათა არ მოგივიდეთ ადამიანივით, რომელიც ლატარიაში მილიონის მოგებაზე ოცნებობდა, მაგრამ ბილეთის ყიდვა აზრადაც არ მოსვლია.
ამიტომაც სასურველია ოცნება კარგად ჩამოაყალიბოთ, მისი რეალიზაციის გეგმაც დასახოთ და საქმეს ხვალისთვის ნუ გადადებთ, მოქმედება დღესვე დაიწყეთ. ზოგიერთი სპეციალისტი სასურველის რეალობად ქცევის სცენარის დაწერასაც გირჩევთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ კარიერულ კიბეზე წინ და წინ მიდიხართ და დირექტორის სავარძელს იკავებთ. დაწერეთ სიტყვები, რომლითაც თანამშრომლებს მიმართავთ. წარმოიდგინეთ თქვენი დირექტორული დღე დილიდან გვიან საღამომდე. თუ ოჯახზე ოცნებობთ, წარმოიდგინეთ თქვენს რჩეულთან შეხვედრა, პაემანი, ნიშნობა და ბოლოს ქორწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, არაკეთილისმოსურნეები არ მოუშვათ თქვენთან ახლოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას დაცინვას და თუნდაც უნდობლობას ახლობლების მხრიდან. მტკიცედ იარეთ წინ. ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენს ქვეცნობიერს ნეგატიური აზრები მიაწოდოს. უმტკიცეთ საკუთარ თავს: „მე შევძლებ, ყველაფერი გამომივა და უკვე გამომდის კიდეც“.
ნურც აჩქარდებით და ოცნებითაც რაიმე ერთზე იოცნებეთ. ოცნების შესრულებისთვის დროის მკაცრ შეზღუდვას ნუ დააწესებთ. პირიქით, მოთმინებითა და სიჯიუტით უნდა აღიჭურვოთ.

მეცნიერების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ტვინი გიგანტური კომპიუტერია, რომელიც სამყაროს უხილავი სადენებით უკავშირდება და ყოველ ადამიანის საკუთარი აზრებით, სიტყვებით, ქცევით შეუძლია თავისი ტვინი ოცნების რეალობად ქცევაზე დააპროგრამოს.
ოცნება ადრეული ბავშვობიდან უნდა ისწავლოთ და ამაში ყველაზე უკეთ მშობლები დაგეხმარებიან. თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი მომავალი წარმატებაა დამოკიდებული.

ალბათ უნდა მოვუსმინოთ ვიქტორ ჰიუგოს, რომელმაც უდავოდ იცოდა, რაზე ლაპარაკობდა: „არაფერი უწყობს ისე ხელს მომავლის შექმნას, როგორც თამამი ოცნებები. დღეს – უტოპიაა, ხვალ კი – სისხლი და ხორცი“.
ოცნების გარეშე ადამიანი უფრთო ფრინველივითაა. ცხოვრებისადმი ინტერესს კარგავს, დეპრესიაში ვარდება და ნაადრევადაც კი ბერდება. ჯერ კიდევ 6000 წლის წინ ბრძენი შუმერები ამბობდნენ: „თუ ადამიანს ოცნება არ აქვს, იგი მკვდარია“.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here