მარტოხელა მამა – “შვილები ჩვენი ყველაზე მაგარი შედეგია და ეს შედეგი აუცილებლად საამაყო უნდა იყოს”

0
147

ხშირად მამების როლი ისევე დიდია შვილების აღზრდაში, როგორც დედის, თუმცა ბევრი უმეტეს პასუხისმგებლობას მაინც დედას აკისრებს. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ამ პრობლემაზე, მამის ჩართულობაზე შვილების აღზრდის საკითხში.

 დავით მოსიაშვილი, მარტოხელა მამაა და ორ შვილს ზრდის. ის ბუღალტრად მუშაობს, წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობაშია ჩართული. დროდადრო მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებშიც. სულ ახლახან დავითმა შვილებთან, 5 წლის დემეტრესა და 9 წლის მარიამთან ერთად ხელნაკეთი ბროშების დამზადება დაიწყო. მისი თქმით, სურდა ამით ბავშვებში გაეღვივებინა სხვადასხვა შემეცნებითი ინტერესები, რის შედეგადაც აქტიურად იქნებოდნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სურდა ისეთი საქმე შეერჩია, რომელიც საინტერესო და მოსახერხებელი იქნებოდა პატარა დემეტრესთვის, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. დავითი შვილებთან ერთად გეგმავს გახსნას საწარმო, სადაც დაასაქმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.


ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სულ ვცდილობ საზოგადოებაში განვავითარო და დავამკვიდრო ის აზრი, რომ ორივე მშობელი, დედაც და მამაც ვალდებულები არიან თანაბრად იყვნენ ჩართულნი შვილების აღზრდის საკითხში, სწორედ ამ მიზნით, ჩემს მიერ შეიქმნა ფეისბუქ გვერდი სახელად „მამიკო“. დღეს ბავშვებთან ერთად ვცხოვრობ ახმეტის რაიონში.

რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა?

ვცდილობ ბავშვებში გავაღვივო სხვადასხვა შემეცნებითი ინტერესი და მათი გონება მივმართო არა მარტივი, არამედ რაიმე განსაკუთრებულის კეთების სურვილისკენ. ყოველივე ეს მარწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად ხელს ვუწყობ მათი გონებრივი შესაძლებლობების წინსვლას და განვითარებას. გარდა ამისა, დემეტრეს დიაგნოზმა (ცერებრალური დამბლა – დიპლეგია) მაიძულა მომეფიქრებინა ისეთი ხელსაქმე, რაშიც დემეტრე თავიდან-ბოლომდე სრულფასოვნად იქნებოდა ჩართული.

  • რა ნივთებს ქმნით?
  • ძირითადად ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ვაკეთებ ბროშებს. 

 ბავშვები რამდენად არიან საქმეში ჩართული?
 ბავშვები ბროშების კეთების ყველა დეტალზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ, არის შემთხვევები, რომ მარიამს მოსწონს რაღაც კონკრეტული ფერი, მაგრამ დემეტრეს უნდა სხვა ფერად შეღებოს. შეიძლება ითქვას რომ ორივეს საკუთარი ნიშა აქვთ ბროშების კეთების დროს. მარიამი ძირითად ფერადფერად ყვავილებს იყენებს, დემეტრე ღებავს და სხვათა შორის ხშირად უჩნდება სურვილი, რომ ბროშებს მანქანები და ავტომატები დაახატოს. ბროშის ზოგადი დიზაინის რჩევები, მაგნიტის სამაგრების დამაგრება და დასრულება კი ჩემი საქმეა.

 ხართ მარტოხელა მამა, გაქვთ სამსახური, ჩართული ხართ სხვადასხვა პროექტში, თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის გაქვთ შვილებისთვის დრო. როგორ ახერხებთ, რომ იყოთ საუკეთესო მამა?

  • საუკეთესო ჯობია სხვამ თქვას, ვიდრე ამით საკუთარი თავი შევაფასო, მაგრამ მგონია, რომ საუკეთესო მამაც და დედაც ხარ მაშინ, როცა უსმენ საკუთარ შვილებს, როცა იცი, თუ რას ნიშნავს მათი ყოველი გამოხედვა, როცა იცი შენს შვილებს რა შეიძლება გაუხარდეთ და რა ეწყინოთ, როცა შენს შვილში შენი ამაგის კვალს ხედავ და თუნდაც ის რომ, როცა ორივე შვილის შემოხვეულ მკლავებს ვგრძნობ კისერზე. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე დიდი ბედნიერება სამყაროში არ არსებობს.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ ერთად?

  • ჩემი თავისუფალი დრო, მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვების გარემოცვაში დავხარჯო. შეიძლება ითქვას მათთან ერთად ვამზადებ გაკვეთილებს, მათთან ერთად ჩვენს მიერ გამოგონილ თამაშებს ვთამაშობ, ვვარჯიშობთ დემეტრესთვის საჭირო ვარჯიშებს, დავდივართ გასართობად, ასევე როცა მივდივარ სტუმრად ჩემს მეგობრებთან, ბავშვებიც თითქმის ყოველთვის მიმყავს თან.
  • როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში რამდენად არიან მამები შვილების აღზრდაში ჩართული? რა ღონისძიებებია გასატარებელი მამების გასააქტიურებლად?
  • ესე ხელაღებით ძნელია თქვა, რომ საქართველოში მამები არ არიან ჩართულნი ბავშვების აღზრდაში, მაგრამ ჩემს გარშემო არსებული სოციუმის წიაღიდან, აშკარად ჩანს დედის უფრო დიდი როლი, ვიდრე მამის. მე ვურჩევდი ყველა მშობელს და განსკუთრებით მამებს, რომ გაატარონ უფრო მეტი დრო შვილებთან და ყოველდღე მიხვდებიან, რომ ისინი საკუთარი შვილებიდან იმაზე მეტს ისწავლიან, ვიდრე ჰგონიათ. მიხარია ის ფაქტი, რომ თანდათან მყარდება ტენდეცია მამის აქტიურ როლზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე ორი სიტყვით ძნელია რაიმე თქვა, გარდა ერთისა, რომ გაატარეთ უფრო მეტი დრო საკუთარ შვილებთან. ჩემს ინტერვიუებში ხშირად ვამბობ, ბავშვთან მიმართებაში არ არსებობს დედა და მამა, არსებობს მშობელი, რომელიც ორივეს თანაბარი უფლება მოვალეობებს გულისხმობს.
  • ვფიქრობ, ბევრ მამაკაცს აშინებს ტერმინი „მარტოხელა მამა“, რას ურჩევთ მამებს
    ვინც ახლა გადის იმ ეტაპს რაც თქვენ უკვე გადალახეთ?
  • როდესაც გარშემო ამდენი მარტოხელა დედაა და ჩვენ, კაცებს გვაქვს მუდმივი პრეტენზია, რომ ქალებზე ძლიერები ვართ, აბა რაღამ უნდა შეგვაშინოს მარტო დარჩენისას? ზოგადად როდესაც მარტო რჩები არაა ადვილი რაღაცეები გააანალიზო, იპოვო შენ თავში ძალა, რომ იცხოვრო, თუმცა თუ არსებობს მშობლის ინსტინქტი, შვილებისადმი გულწრფელი სიყვარული და გარემოს ადეკვატური რეაქცია, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. მარტოხელა მამებს ვურჩევ არ დაყარონ ფარხმალი, არ დარჩნენ დეპრესიაში, იბრძოლონ შვილებისთვის, რადგან შვილები ჩვენი ყველაზე მაგარი შედეგია და ეს შედეგი აუცილებლად საამაყო უნდა იყოს. ეს ყველაფერი არაა ადვილი, რთულია, ძალიან რთული, თუმცა ამის აღიარება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ჩვენს თავთან მარტო ვრჩებით. იყავით შვილებთან მოსიყვარულე, ლაღი და ხალისიანი, რადგან ჩვენი განწყობები პირდაპირ აისახება მათ განვითარება – ჩამოყალიბებაზე.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here