„ერთი სარტყელი, ერთი გზა” – ხელშეკრულება ჩინეთთან

0
217

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმა ხელი მოაწერეს პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია პეკინში მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

„ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ჩინეთსა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს გაფორმებული.

მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის განვითარებისა და ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურების აუცილებლობა.

რიგით მეორე ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში 25-27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფოებისა და მთავრობების 37-მა ლიდერმა მიიღო.

ფორუმზე გამოსვლისას ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლი და განაცხადა, რომ ქვეყანა ცდილობს ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის უმოკლეს გზად იქცეს.

„წლევანდელი ფორუმი „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ გახდა გაცილებით მასშტაბური და შინაარსიანი პირველთან შედარებით, მან მეტი ქვეყანა მიიზიდა და მეტი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ფორუმის დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

კონცეფცია „ერთი სარტყელი, ერთი გზა” ეს არის ჩინეთის საერთაშორისო ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც ცენტრალური აზიის, ევროპისა და აფრიკის 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და რომლის მიზანიც ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

„აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ ფორმირების იდეა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, სი ძინპინმა წამოაყენა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here