რა საფრთხეს უქმნის შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას და რით ჩავანაცვლოთ ის

0
1144

შაქარი ერთის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, მიეკუთვნება ნახშირწყლებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას და მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ცხიმების დაგროვების მიზეზად იქცეს. ჩვენი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათოა რაფინირებული, დამუშავებული შაქარი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ – ჩაის და ყავის სმისას, მისით უხვად გაჯერებულია სხვადასხვა ტკბილი გაზირებული წყლები, ლიმონათები, კოკა-კოლა და მისი მსგავსი სასმელები, იგივე ითქმის ვითომ ნატურალურად წოდებულ ქარხნულ წვენებზე, შაქარი უხვადაა საკონდიტრო ნაწარმში, ტორტებში, ნამცხვრებში, კანფეტებში და საღეჭ რეზინებში. ასევე კეჩუპში და რძის პროდუქტებში.


თუ გვინდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ის პრობლემა, რაც შაქრის მიღებისას გარდაუვალია, თავიდან ავიცილოთ, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ შევამციროთ შაქრის მიღება, უფრო მეტიც, კარგი იქნება სულ თუ ამოვიღებთ კვების რაციონიდან. აქ იგულისხმება ქარხნულად გადამუშავებული შაქარი, რომელსაც ბევრი მეცნიერი და ექიმი თეთრ შხამს უწოდებს. ამზადებენ ქიმიური წესით, რაც მას ყველანაირ ღირებულებას უკარგავს, შედეგად ვიღებთ “ცარიელ კალორიებს” – ანუ კალორიას რომელსაც გამოცლილი აქვს ყველა ვიტამინი და მინერალი, რომელიც არ გვმატებს არაფერს, ჭარბი წონის გარდა. შაქარი პირიქით ფიტავს ორგანიზმს ვიტამინებისა და მინრალებისაგან, რის გამოც ორგანიზმი უფრო მარტივად ხდება სხვადასხვა ვირუსების მსხვერპლი. 100გრ. შაქარი 387 კკალორიაა. მისი 99,9% ნახშირწყლებია.
მეცნიერების უკანასკნელი კვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არცერთი პროდუქტი ისე არ უწყობს ხელს ავადმყოფობის განვითარებას და ორგანიზმის დაბერების პროცესს ხელს, როგორც შაქარი.
შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს ნაოჭების ნაადრევ გაჩენას, რადგან შაქარი გადაიდება მარაგად კანის საფარის კოლაგენში და ამით ამცირებს მის ელასტიურობას. მეორე მიზეზი, რომლის გამო შაქარი ხელს უწყობს დაბერებას – არის ის, რომ შაქარს შეუძლია მოიზიდოს და დაიკავოს თავისუფალი რადიკალები, რომლებიც კლავენ ჩვენს ორგანიზმს შიგნიდან.
В ჯგუფის ყველა ვიტამინი (განსაკუთრებით ეს ეხება ვიტამინ В1 – ტიამინს) აუცილებელია სწორი მონელებისთვის და ორგანიზმისთვის ყველა საჭირო საკვები პროდუქტის შესათვისებლად, რომლებიც შეიცავენ შაქარსა და სახამებელს. თეთრი შაქარი არ შეიცავს არც ერთ В ჯგუფის ვიტამინს. ამ მიზეზით, იმისათვის, რომ შეითვისოს თეთრი შაქარი, ორგანიზმი იღებს В ჯგუფის ვიტამინებს კუნთებიდან, ღვიძლიდან, თირკმლებიდან, ნერვებიდან, კუჭიდან, გულიდან, კანიდან, თვალიდან, სისხლიდან და ა.შ. გასაგები ხდება, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ორგანიზმში, ანუ ორგანოების უმრავლესობაში დაიწყება В ჯგუფის ვიტამინების ძლიერი დეფიციტი.

შაქრის ჭარბი მოხმარების დროს ხდება В ჯგუფის ვიტამინების „დაკავება“ ყველა ორგანოსა და სისტემაში. ამან, პირველ რიგში, შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ნერვული აღზნებადობა, მომნელებელი სისტემის დარღვევა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მხედველობის დაქვეითება, ანემია, კუნთური და კანის დაავადებები, გულის შეტევა და ბევრი სხვა არასასიამოვნო შედეგები.
სამედიცინო ლიტერატურა მოწმობს, რომ არსებობს 60 დაავადებაზე მეტი, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია შაქრის გამოყენებასთან. ამ დაავადებების სიას მიეკუთვნება კიბო, ასთმა, ალერგია, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებები.
!!! დავიმახსოვროთ და გავითვალისწინოთ, შაქრის ჭარბი რაოდენობით გამოყენება:
1) ზრდის გულის დაავადებების რისკს.
2) ასუსტებს იმუნურ სისტემას.
3) იწვევს ჭარბ წონიანობას.
4) ხელს უწყობს და კვებავს სიმსივნეს.
5) შაქარი და აკოლოჰოლი დაახლოებით ერთიადაიგივე ზიანს აყენებს ღვიძლს.
6) უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, კერძოდ მეხსიერებაზე.
7) აბერებს ორგანიზმს.
8)იწვევს ალერგიებს.
9) დიაბეტის გამომწვევის მთავარი მიზეზია.
10) ბავშვებში იწვევს ჰიპერაქტიურობას და კონცენტრაციის დარღვევას.
როგორც დასაწყისში ვთქვით, შაქარი აუცილებელია ორგანიზმისათვის და უარს ვერ ვიტყვით. ოღონდ არჩევანი ბუნებრივი შაქრის ფორმაზე უნდა გავაკეთოთ – ხილი, ბოსტნეული, ჩირი, თაფლი, თხილეული, რომლებიც ორგანიზმს არ ავნებენ. თუმცა ზომიერება რა თქმა უნდა აქაც უნდა დავიცვათ.

ბუნებრივ დამატკბობლებს მიეკუთვნება ასევე სტევია, აგავას სიროფი, ნეკერჩხლის სიროფი, ისინი სასარგებლოა ორგანიზმისათვის, თუ რა თქმა უნდა, არ არის ამ პროდუქტების ინდივიდუალური აუტანლობა. ბუნებრივ დამატკბობლებს ორგანიზმი ითვისებს თითქმის სრულად, ისინი ავსებენ ორგანიზმს ენერგიით, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში.

სტევიოზიდი – მცენარე სტევიას ფოთლების ექსტრატი, რომელიც 300-ჯერ ტკბილია შაქართან შედარებით. ბუნებრივი სიტკბოს გარდა სტევიას აქვს უამრავი სამკურნალო თვისება: ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს ქოლესტერინს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. სტევიას, რაფინირებული შაქრისაგან განსხვავებით, აქვს საკმაოდ მდიდარი ქიმიური შედგენილობა. მისი ფოთლები მდიდარია შემდეგი ნივთიერებებით: მინერალებით-კალციუმით, მანგანუმით, ფტორით, ფოსფორით, კობალტით, ალუმინით; ვიტამინებით- C, B6, K, ბეტა კაროტინით, რიბოფლავინით, ნიკოტინის მჟავით. ეთერზეთებით-ლიმონენით და ქაფურის ზეთით. სტევია კალორიული დამატკბობელია, მაგრამ ვინაიდან ის შაქარზე ბევრად ტკბილია, მისი დღიური ნორმა შეიცავს ძალზე მცირე კალორიას, ამიტომ მისი გამოყენება თამამად შეიძლება დიაბეტის დროს. სტევია არის დიეტური კვებისას საქაროზის იდეალური შემცვლელი.

შორენა წიკლაური

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here