ქართველი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ დამარცხდნენ

0
467

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდთან ანგარიშით 20:48 დამარცხდა.

მთელი მატჩის დროს სამხრეთაფრიკელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. საერთო ჯამში მათ საქართველოს ნაკრების ჩათვლის ზონაში ბურთი რვაჯერ დაამიწეს.

ილია მაისურაძის შეგირდებმა სამი წარმატებული ლელოთი უპასუხეს, საიდანაც ორი – ოთარ ლაშხის ანგარიშზეა. კიდევ ერთი ლელო შეხვედრის ბოლოს დადო თემურ ჭიჭინაძემ. სამიდან ერთი გარდასახვა და ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის, თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

ეს დამარცხება ქართველი მორაგბეებისათვის წლევანდელ ტურნირზე რიგით მეორეა. პირველ სათამაშო დღეს უმცროსი „ჯვაროსნები“ ახალ ზელანდიასთან ანგარიშით 13:45 დამარცხდნენ.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩს С ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ეს თამაში, ისევე როგორც მატჩი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, ქალაქ როსარიოში გაიმართება.

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს სამ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი. ნახევარფინალში გადიან თითოეული კვარტეტის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ერთი საუკეთესო ნაკრები.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here