სუსმა ჰაკერები დააკავა, რომლებიც „მეტრომანის” ბარათს თანხის ჩაურიცხავად ავსებდნენ

0
1426

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ქალაქ თბილისის მერიის შიდა
აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად, 3 ადამიანი დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეებს თეიმურაზ ბ-ს,  მიხეილ ჯ-სა და გოგი მ-ს წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება ედებათ ბრალად.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების
სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის
გამოყენებით სხვადასხვა მოქალაქის სარგებლობაში არსებული
“მეტრომანის” ბარათების მონაცემებში უკანონოდ აღწევდნენ და ბარათებზე თანხის
ჩაურიცხავად ბალანსს ასახავდნენ. გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა
მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ
ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის
ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით
ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის
შესრულებასაც”, – წერია განცხადებაში.

სუსის მტკიცებით, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი  და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება.

“ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი,”- წერის სუსის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით
დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ
შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე
მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here