ნიძლავი, რომლის მოგებაც ნიძლავის ავტორს 300$ დაუჯდა და მსოფლიო აღიარება მოუტანა

0
1452

ისტორიაში ბევრია ისეთი ფაქტი, რომელმაც თითქოს არც სამყარო შეცვალა, არც ახალი ტალღები და მოძრაობები წამოშვა, მაგრამ, რამოდენიმე დღით მაინც შეძლო ადამიანების ყურადღების მიპყრობა, გახალისება, პოზიტიური განწყობის შექმნა, თანაც, იმ დოზით, რომ კანონმაც კი არ ისურვა თავისი სიმკაცრის მთელი ძალით გამოვლენა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე გიამბობთ ახლა.

1956 წლის სექტემბერში 26 წლის აერომექანიკოსი ტომ ფრიცპატრიკი ახალი გადასული იყო საცხოვრებლად ნიუ ჯერსიში . აეროდრომზე მუშაობდა და ერთი შეხედვით საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა. საღამოობით ტომი, როგორც წესი, მანჰეტენის რომელიმე ბარში მეგობრების გარემოცვაში ერთობოდა ხოლმე. ამ საღამოსაც მეგობრებთან საუბრის და სასმლის წრუპვის სასიამოვნო ცერემონიალს ტომი შესანიშნავ ხასიათზე დაეყენებინა. ერთადერთი რაზეც უკმაყოფილებას გამოსთქვამდა – იყო მანძილი ნიუ ჯერსიდან მანჰეტენამდე და ის, რომ გზაში მინიმუმ ნახევარ საათს მაინც კარგავდა. თუმცა, გადაადგილების უფრო სწრაფი საშუალება იცოდა და ეს იყო თვითმფრინავი. ამ თემაზე საუბარმა და კამათმა ისეთი აზრი გაუჩინა, რომ ერთ ჭიქაზე მეტი ნამდვილად ექნებოდა დალეული. ტომმა მეგობრებს განუცხადა, რომ სანამ ისინი დაიშლებოდნენ და თავ-თავისი სახლებისკენ გასწევდნენ – ის ჩავიდოდა ნიუ ჯერსიში და თვითმფრინავით დაბრუნდებოდა მანჰეტენზე, თვითმფრინავს მეზობელ კვარტალში მდებარე სკოლის სპორტულ მოედანზე დასვამდა და ნიძლავსაც მოუგებდა ძმაკაცებს. დრომ რომ არ დაეკარგა – მაშინვე დატოვა ბარი და ნიუ ჯერსისკენ გაეშურა.

ფრიცპატრიკი აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე შეიპარა. შეარჩია სასურველი საფრენი აპარატი (სესნა 140 – ალუმინი, ფოლადი, რეზინი), აფრინდა და მანჰეტენისკენ დაიძრა. ცხადია, ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, მანამ სანამ არ აღმოაჩინა, რომ სკოლის სპორტულ მოედანს ციდან ვერ ხედავდა და დაჯდომას, შესაბამისად, ვერც მოახერხებდა. მაგრამ, ტომ ფრიცპატრიკი უკანდახევას არაფრის დიდებით არ აპირებდა…ამიტომ, მან მიიღო ყველაზე გიჟური გადაწყვეტილება – თვითმფრინავით დამჯდარიყო პირდაპირ ბარის კართან. ნიძლავი მოგებულია. ტომ ფრიცპატრიკს აპატიმრებენ. თვითმფრინავის მფლობელი კი როდესაც მისი ქონების გატაცების წინაპირობებსა და ნიძლავის შესახებ იგებს – საჩივარი პოლიციიდან გამოაქვს და ფრიცპატრიკის სიმამაცით აღფრთოვანებულიც რჩება.

მოსამართლე ტომს 300$ აჯარიმებს ნიუ იორკის ქუჩებში თვითმფრინავის გაჩერების აკრძალვის კანონის დარღვევის გამო. თვითმფრინავი, რომელიც ტომ ფრიცპატრიკმა 1956 წლის სექტემბერში მანჰეტენზე ბარის წინ დასვა – დღეს ამერიკის ავიაციის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება და ის ერთადერთია ასობით ეგზემლიარში, რომელსაც ომთან და სამხედრო სფეროსთან არანაირი შეხება არ აქვს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here