„საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება?“ (დოკუმენტური მოთხრობა)

0
873

==  პარიზი ==
  მონპარნასე –  ვილა სეგიური.


სახელოსნოს კარზე  მოკრძალებით დარეკეს. არ უყვარდა  ხოსე -მარია სერტის,(იხ,ფოტო)  როცა,  სკულპტურაზე მუშაობას აწყვეტინებდნენ .  მოღუშული  გაემართა კარისკენ    . ესპანელის ცეცხლოვანი მზერა შეაგება ზღურბლთან მდგომს და  მოულოდნელობისაგან გახევდა, ყურთასმენა წაერთვა. დიდხანს  ვერაფერს იგებდა. მის წინ საოცარი სილამაზის  ქმნილება  იდგა, 19-20 წლის, მაღალი,  ქერა თმით,    მარმარილოსფერი კანით, მწვანე თვალებით,  ბავშვივით უშუალო,მომხიბვლელი ღიმილით.    ეს გახლდათ ახალგაზრდა მოქანდაკე, ქართველი „პრინცესა“(ასე ეძახდნდნენ პარიზში)    რუსუდან მდივანი.(იხ. ფოტო).
ამ წუთიდან  ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა.              
ეს იყო 1925წელს.

==პარიზამდე==
რუსუდანი  – სამშობლოდან განტოლვილი, პარიზში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საცხოვრებლად თავის ოჯახთან ერთად.  მაშინ,  უკვე, სიკვდილი მეფობდა საქართველოში.
მამა- ზაქარია მდივანი, (იხ. ილუსტრაცია)    ჯერ  ვარშავის სამხედრო გუბერნატორი იყო, შემდეგ _ბათუმის,ბოლოს, საქართველოს რესპუბლიკის  მთვარსარდლის მოადგილე. 
მდივანების წინაპარი,- სოლომონ მდივანი ერეკლე II-ის თანამებრძოლი ყოფილა.
ზაქარია მდივანი ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევიდან სამხედრო მოღვაწეებთან ერთად 
  ( გენერლები კონსტანტინე აფხაზი, ზაქარია ბაქრაძე, გიორგი კვინიტაძე,გიორგი მაზმიაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ვარდენ წულუკიძე,ალ. ანდრონიკაშვილი, პოლკოვნიკები-    ქაქუცა ჩოლოყაშვილი,დათა ვაჩნაძე, ალექსი მაჭავარიანი)  აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის  ჩამოყალიბებაში. რაც საუკეთესოდაა მოთხრობილი  გ.კვინიტაძისა და ვ. თევზაძის    მოგონებებში

  რუსუდანის დედა – ელენე სობოლევსკა, დედით ქართველი, მამით პოლონელი იყო.  მიუხედავად სიძნელეებისა, საცხოვრისის ხშირად შეცვლისა, მშობლებმა  შვილებს  საუკეთესო  განათლება მისცეს ჯერ  ვარშავში, შემდეგ ,პეტერბურგსა და თბილისში. 
ხუთივენი (დავითი,სერგი, ნინო, რუსუდანი, ალექსი) გამოირჩეოდნენ სილამაზით, არისტოკრატიზმით, განსაკუთრებული მიმზიდველობით. 
            ==ისევ  პარიზი==
  მდივანების ოჯახი კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ჩავიდა. ემიგრანტი ოჯახის მძიმე  ცხოვრებამ აიძულა ზაქარია რამდენჯერმე შეეცვალა პროფესია.ფიზიკურად შრომობდნენ შვილებიც.  უფროსები-დავითი და სერგი  რადიო სახელოსნოში დასაქმდნენ , ხოლო უმცროსი ალექსი-13 წლიდან ხან, წვრინმალებს ჰყიდდა, ხან, ფეხსაცმელების წმენდაში აღებული გროშებით ეხმარებოდა ოჯახს.          
რუსუდანი(რუსსი)  და ალექსი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდნენ  სამშობლოს  დაკარგვას, რაც კიდევ უფრო გაუმძაფრათ დედის გარდაცვალებამ.  პარიზში „მოიწყეს“ თავისი პატარა საქართველო  და თავი ამით გადაირჩინეს.

რუსი  ქართველ სტუდენტებთან    ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან,ლადო გუდიშვილთან და ქეთევან მაღალაშვილთან.    (იხ.ილუსტრაცია) , ხან,კაფე „როტონდა“-ში ლადოს  გულშემატკივრობდნენ  გამოფენაზე,ხანაც, „შემოდგომის სალონში“-ელენეს. ხან,  ქეთევანს ელოდებოდნენ კოლაროსის აკადემიასთან. 
მეგობრებს ღიმილიანი წუთებიც უხვად ჰქონდათ გასახსენებელი:როგორ ცდილობდა    რუსუდანით  მოხიბლული ახალგაზრდა  სალვადრ დალი  მისი ყურადღების მიქცევას,ამაოდ.  (მხატვარი რუსუდანს  ვერმეერის ცნობილ ნახატს  „გოგონა მარგალიტის საყურით“ადარებდა.)
პიკასოს თხოვნას:“შენი „ზამთარი კახეთში“ მომწონს და მაჩუქეო.“ როგორ „აჯახა კახურად“ უარი ელენე ახვლედიანმა:“მეც მომწონს და არაო!“
  როგორ დააკავა პარიზის პოლიციამ  რუსუდანი და მისი ძმა ალექსი  ქალაქში მანქანით თავგამეტებული სრბოლისას .
ერთხელ, ელენეც  დააჯარიმეს  მანქანით მაღაზიის ვიტრინის დამსხვრევის გამო…

== დაცარიელებული „სამშობლო“==
  რუსუდანი ნელ-ნელა,  აქაც,  ჰკარგავდა თავის წილ სამშობლოს, ნიკოლო მიწიშვილის ბიუსტი გაასრულა.(მხოლოდ ფოტოზეა შემორჩენილი, რომელიც ჯერჯერობით, ვერ მოვიპოვე.) „ცისფერყანწელი“ სამშობლოში გაბრუნდა. მისმა მეგობრებმა, უკვე წარმატებულმა, მხატვრებმაც ნელ-ნელა დასტოვეს პარიზი,ძმებმა სერგიმ და დავითმა ამერიკის კონტინეტს მიაშურეს ბედის საძებნელად.მისი და – ნინო (უამრავი თაყვანისმცემლებიდან) ცოლად გაჰყვა ცნობილ იურისტს, ჩარლზ ჰუვერიხს  . მეორედ იქორწინა ცნობილი დეტექტივების მწერლის, კონან-დოილის ვაჟთან  დენისთან(იხ. ფოტ.), მისი გარდაცვალების შემდეგ – ენტონი ჰერვორდთან.)

      ალექსიმ,  ერთი მადლიანი კაცის თანადგომით, კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
რუსუდანს, ახლა,  ხატვა სწყუროდა, ის გადაარჩენდა, ამისათვის ბევრი შრომა და ცოდნის გაღრმავება იყო საჭირო.    ამიტომაც, მოაკითხა ცნობილ  მხატვარ- მონუმენტალისტს, ხოსე მარია სერტის.(იხ. ილუსტარაციები).რომელიც პიკასოს გამოჩენამდე პირველ მხატვრად მოიაზრებოდა.

== ხოსე-მარია სერტის სახელოსნოში ==
  რუსუდანის სილამაზით მოხიბლული მხატვარი, კიდევ უფრო გააოცა მისმა განათლებამ . სტუმარმა ინტერესით მიმოათვალიერა  ნახატები. ოჯახის დიასახლისის  მიზია სერტის უამრავი პორტრეტი იმზირებოდა კედლიდან, რენუარის, ლოტრეკის და სხვათა ხელით შესრულებული.რუსი  გაკვეთილებზე დადიოდა .სერტი გატაცებით ძერწავდა მის სხეულს.ამ სახელოსნოში შეწყდა  მხატვარ რუსუდან მდივანის  ბიოგრაფია და დაიბადა მუზა  და შთაგონების წყარო დიდი მხატვრისა. 
    ქმრის  დაუფარავი აღფრთოვანება ავად ენიშნა მხატვრის ცოლს მიზია სერტის.რამდენჯერმე, ოტელ “დე ვერსალთან”,( აქ ცხოვრობდა რუსუდანი მამასთან ერთად)  ფანჯრებისკენ მომზირალიც შენიშნა. ბოლოს, სახლში რუსუდანისთვის გასაგზვნ სასიყვარულო წერილსაც გადააწყდა და შეშფოთდა. დარწმუნდა, რომ საფრთხე ახლოვდებოდა.

==ღირსეული მეტოქე ==
  მიზია გოდებსკა-სერტი(იხ.ფოტო)- ბრწყინვალე პიანისტი, ხელოვნების დიდი ქომაგი და მეცენატი იყო. იგი  რენუარის,(იხ.ნახატი)  ტულუზ ლოტრეკის,(იხ.ნახატი) მალარმეს, რაველის და სხვათა მუზა, მხარში ედგა კოკო შანელს, დაგილევის საბალეტო დასს და უამრავ ხელოვანს.სერტისთან ქორწინება მესამე იყო, მაგრამ, სიყვარული-პირველიც და უკანასკნელიც.
„კოკოს ბევრი საყვარელი ჰყავდა და არცერთი ქმარი, მე კი,ბევრი ქმარი და არცერთი საყვარელი“-ღიმილით იტყოდა,ხოლმე.
  მიზიამ სტუმრად მოიწვია მეტოქე, გაიცნო და აღფრთოვანდა მისით. გულით შეიყვარა. საზოგადოებაში, უკვე, სამივე ერთად ჩნდებოდა.შეიქმნა სასიყვარულო სამკუთხედი,ისეთი როგორც ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისში“, ოღონდ, აქ, მამაკაცი იყო „საზიარო“. და ამ მამაკაცს, საერთოდ არ აწუხებდა მეუღლის დიდსულოვნება, არც, პაოლასავით დაუხლია ტყვია. სიყვარულით დასნებოვანებულს არავინ ახსოვდა. რუსსის კი, არ შეეძლო, მისიას დედობრივი დამოკიდებულებისთვის ღალატით ეპასუხნა. ამიტომაც, დატოვა პარიზი და ძმებთან გაფრინდა ამერიკაში ერთი წლით. ეს დრო საკმარისი იქნებოდა, იმისთვის რომ ყველაფერი დალაგებულიყო.
      დრომ ვერ გაახუნა ხოსე მარია სერტის გრძნობა.    კოკო შანელი “აფრინა შიკრიკად“  გაყრაზე.  მიზია  დიდი ხანი ,შიშით, ელოდა ამ დღეს.  მაინც, დაყაბულდა. მერე, საქორწილო სამზადისში ჩაება, კოკო შანელს საპატარძლო კაბა შეარჩევინა, ხოლო ყოფილ ქმარს ლალისთვლიანი ბეჭედი რუსსისათვის. 
  ხოსე მარია სერტიმ და რუსუდან მდივანმა  1928 წელს  იქორწინეს ჰააგაში.

                  ==  დიდი სახლის პატარა დიასახლისი ==
     ბედნიერმა ხოსე მარია  სერტიმ თავის ულამაზეს „პრინცესას“ ესპანეთში, პალამოსში  სასახლე აუშენა, აქ, ყველას მოუხაროდა, ვის არ შეხვდებოდით: პიკასოს, სალვადორ დალის, მარლენ დიტრიხს, კოკო შანელს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მსოფლიოს ბომონდის წარმომადგენლებს.და მათ შორის ბრწყინავდა ახალგაზრდა დიასახლისი, იგი საზოგადოების ნამდვილი მარგალიტი იყო.(იხ.ფოტო)  სალვადორ დალი, მოგონებებში  უახლოეს მეგობრებად ასახელებდა „პარიზის ფანტასტიკურ ქალებს“- ბეტინა ბერჟერის, კოკო შანელსა და რუსუდან მდივანს..(არსებობს ბ. გ. ჩეპმენის    რამდენიმე წუთიანი ვიდეო -მასალა,სადაც რუსსი და მიზია არიან გადაღებული.    რუსუდანი თავის მოშინაურებულ მაიმუნს ეთამაშება,  ლამაზია და ლაღი. ხანში შესული  ღირსეული ქალბატონი, რომელიც უკან მოძრაობს, მიზიაა. ფილმი ინახება ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფილმოთეკაში). ნამდვილი  დღესასწაული იმართებოდა, როცა,რუსუდანს ძმებიც ეწვეოდნენ, პრინცი მდივანების  გამოჩენას კოსტა ბრავაში  დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ ,  ისინიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენენ არამარტო დის და სიძის სასახლეში, არამედ  მთელს მსოფლიოში.


                ==  „მექორწილე მდივანები“==
  ისინი  ჰოლივუდის  ვარსკვლავებთან და მდიდარ ქალებთან  მრავალგზის ქორწინებით სახელით შერჩნენ ისტორიას. 
ვერ ხსნიდნენ მათი  მიმზიდველობის საიდუმლოს და ამას „მდივანების ჯადოს“მიაწერდნენ,ის ღირსებები რასაც,ძმები ფლობდნენ, ჩანს ეცოტავებოდა სამყაროს სადაც, ფული, სიმდიდრე მეტად ფასობდა.თორემ მრავალგზის ქორწინება ამერიკაში როდი იყო გასაკვირი,  ან  „ახალი ხილი“. 
სერგის ცოლად ჰყავდა :
კინოვარსკვლავი პოლა ნეგრი,(იხ.ფოტო) ( მანამდე სამჯერ იყო გათხოვილი);  საოპერო მომღერალი მერი მაკკორმიკი და ყოფილი რძალი,ძმის ალექსის – ცოლი ლუიზა ასტორი.
დავითს ცოლად ჰყავდა: კინოვარსკვლავი მეი მეირეი (იხ.ფოტო).(მანამდე სამჯერ იყო გათხოვილი.)    და „სინკლერ ოილის“ პრეზიდენტის, ჰენრი სინკლერის ქალიშვილი ვირჯინია.  
ალექსიმ პირველად იქორწინა-  ლუიზა ასტორთან
მეორედ – მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მემკვიდრესთან, ბარაბარა ჰანტონთან (იხ.ფოტო) 

==  „მშვენიერი პრინცი“  ==                                                                                                                                          

ალექსი,  მართლაც გამოირჩეოდა ყველგან და ყველასგან. კემბრიჯის დამთავრების შემდეგ,  ნიუ-იორკის სიტი ბანკის პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და  ეკონომიურად დამოუკიდებელი პიროვნება გახდა.იყო საუცხოო შვილი  ავადმყოფი  მოხუცებული მამისათვის, საუკეთესო მეგობარი და შემწე შეჭირვებულთათვის.ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა სტიპენტიებით, სამოსით. ევროპული განათლება, ინგლისური მანერები, ქართული სული, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი -ამით გამოირჩეოდა და ამით უყვარდათ.  ალექსი მდივანი  1931 წელს  პარიზში საქართველოს მთავრობის ლეგაციის მდივანად დაინიშნა და სამშობლოს სამსახურში ჩადგა. სტუდენტობიდანვე ,პოლოს მოთამაშე ცხენოსანთა გუნდის კაპიტანი იყო და ხშირად იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზობებში.
  ამერიკის უმდიდრეს ქალს და ყველასთვის სასურველ საპატარძლოს, „უნივერმაღების მეფის“ ასულს ბარბარა ჰატენს,ბანგკოკში პოლოს შეჯიბრისას „გულში ჩაუვარდა“ ცხენზე ამხედრებული და მოედანზე მონავარდე    „ქართველი პრინცი“. 1933 წლის 22 ივნისს პარიზის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვარდაწერილთ,  ქორწილზე ესწრებოდა ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი და საქართველოს მთავრობის  წარმომადგენლები,  სალვადორ დალი  და გალა, პიკასო, რუსუდანი,  ხოსე-მარია სერტი , ჰოლივუდის ვარსკვლავები,  მსოფლიოს მაღალი საზოგადოება,სულ რვაასი სტუმარი.
  ალექსი ეხმარებოდა ქართულ კოლონიას, ტუბერკულოზით დაავადებულ და უმუშევარ ქართველებს, ყოფილ ქართველ მხედართა ორგანიზაციას,( რომელიც დაარსა ზაქარია მდივანმა)  დააწესა სტიპენდიები საფრანგეთისა და ბელგიის სასწავლებლებში  ხელმოკლე ქართველი სტუდენტებისათვის და ამაში დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე  ექვთიმე თაყაიშვილიც მონაწილეობდა.  ალექსიმ ფული გადაუხადა გოგი ჭაჭიაშვილს, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და სადოქტორო თემას უფულობის გამო ვერ აბარებდა ცნობილ პროფესორ პაპენს. ალექსი ჩავიდა შანხაიშიც და იაპონელთა მიერ ოკუპირებული ხარბინიდან ლტოლვილ ქართველებს ექვსსართულიანი სახლი უყიდა. ხარბინელ ქართველთა შვილებისათვის კი სტიპენდიები დააწესა. 
  მაგრამ, ბულვარული პრესა  ცილისმწმებლური სტატიებით ესხმოდა თავს,ამან ცუდი გავლენა იქონია მდიდარ ჰატენებზე.ბარბარას შეეძლო მილიონები გადაეხადა მარია-ანტუანეტას სამკაულში და იმავ დროს,ქარაფშუტობაში და მფლაგველობაში დაედანაშაულებინა ღვთისნიერი მეუღლე.
სამაგიეროდ, ალექსის მადლიერნი იყვნენ  დევნილი თანამემამულეები.
„თავის ქართველობაზე არასოდეს უთქვამს უარი, არ დაუკარგავს თავისი ოჯახისა და გვარის ტრადიციები და არ უღალატია თავისი ადამიანური პრინციპებისთვის.“-ასე წერდა მასზე  ქართული გამოცემა პარიზში.  
  „სასმელს არ ვეკარები, არც ნარკოტიკებს,არც  მიღალატნია, ერთადერთი,პოლოს ვთამაშობ და ისიც უნდა შევწყვიტო?“-ასე იხსენებს ალექსის აღელვებულ საუბარს ერთი თვითმხილველი    ლონდონში,სასტუმროში ჰატენებთან კამათის შემდეგ. ურთიერთობა უფროდაუფრო დაიძაბა და ერთ დღეს : “ვეყრები მსოფლიოში ყველაზე ღირსეულ მამაკაცს.“-განაცხადა ბარბარამ.

                  ==ტრაგედია, რომელმაც სიყვარული დაამარცხა==                    
  1935წელს გაყრის შემდგომ, ალექსი პალარმოში რუსუდანთან ჩამოსული ძმების სანახავად მიმავალი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მეუღლისგან ნაჩუქარი „როლს-როისით“. „სულ  ამის,  მეშინოდა!“  ასე, შეიცხადა ბარბარამ ალექსის სიკვდილი. შემდგომში რამდენჯერმე გათხოვდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე თავის  მშვენიერ პრინცს მისტიროდა.
  რუსუდანი დეპრესიაში ჩააგდო ძმის დაღუპვამ. ტუბერკულოზით დაავადებულმა უარი თქვა მკურნალობაზეც , საკვების მიღებაზეც, ანუ, სიცოცხლეზეც.გერმანულ წყაროებში, ისიცაა მითითებული, რომ  ტკივილს ვერ გაუმკლავდა და ნარკოტიკებსაც მიეძალა.  თავს დასტრიალებდა მიზია, კოკო შანელი და ხოსე-მარია.. ერთ წელიწადში ჰოლივუდში გადაღებისას ცხენიდან გადმოვარდა და  დაიღუპა უფროსი  ძმა სერგი მდივანი.ამაო აღმოჩნდა მიზიას და კოკოს ძალისხმევა რუსსის გადასარჩენად, ამაოდ წაიყვანეს შვეიცარიის მთებში,მოტყუებით.
რუსუდანმა ოთხი წლის განმავლობაში სამი  ძვირფასი ადამიანი, მამა და ორი ძმა დაკარგა.1938 წელს გასრულდა რუსსის სიცოცხლეც. მან სული დალია  მეუღლის ,მიზიას და კოკო შანელის ხელში.

ხოსე- მარია სერტის დიდი ხანი აღარ უცოცხლია. რამდენიმე წელში გარდაიცვალა, მასაც მიზიამ უპატრონა. მიზიამ დიდი სტრესის გამო მხედველობა დაკარგა. კოკო შანელი არ მოსცილებია სიცოცხლის ბოლო წუთამდე.  გარდაცვლილს გულსაკიდში რუსუდან მდივანის ფოტო იდო.ასე ატარა გულით რუსუდანი მიზია სერტიმ ბოლო ამოსუნთქვამდე.
                    
მდივანებიდან ყველაზე დიდხანს დავითმა და ნინა მდივანმა იცოცხლეს. დავითს ქართული საერთოდ აღარ ხსომებია. ასე გადაეგო უფესვოდ  და უძიროდ ერთი  უმშვენიერესი ქართული  ოჯახი იქ, სადაც ხე ფესვებიდან არ იზომება.მათი ოჯახების დანგრევასაც ცოლების ფინანსური მდგომარეობის შეცვლას უკავშირებდნენ და არა მენტალიტეტის, ტრადიციების განსხვავებაზე. სილამაზით,  განათლებით,  წარმომავლობით შემკულებს,მაინც, ეჭვით უცქერდა მსოფლიო, მაინც ვერ აეხსნათ საიდუმლო მათი პოპულარულობისა. 
        და რატომ? რა აკლდათ მათი გულის მოსაგებად ?  ყველაფერს ამას  ფული გადასწონიდა?  
მათ ნიადაგი ჰქონდათ გამოცლილი, სამშობლო ჰქონდათ წართმეული. ალბათ, ეს იყო ყველაზე მთავარი მიზეზი.  ვინ იცის?!

  ავტ. მზისო ნავროზაშვილი










დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here