„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან,”

0
442

„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან,”-ამ განცხადებას მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. იგი წერს, რომ გეგმავს მთელი რესურსი ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნას. ხაზარაძე იმედოვნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დასცალდება.

„ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ. მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული,”- წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

“მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად,“ – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკში წერილი გააგზავნა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს პოსტის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.

15 თებერვალს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

18 თებერვალს კი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მზად არიან სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად და ყველა საჭირო დოკუმენტის გასაჯაროებისთვის.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here