თუ 5 თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის – რას ამბობს მამა შალვა კეკელია მარხვის შესახებ

0
422

მამა შალვა კეკელია მარხვის პერიოდზე საუბრობს.

„რატომ დაადგინა ეკლესიამ საკვებით მარხვა? ადამიანმა საკუთარი ნებით, უარი უნდა თქვას რაღაცაზე. შეიძლება მხოლოდ სამარხვო საკვები მიიღო, მაგრამ დიდი რაოდენობით, ეს მაინც არ იქნება მარხვა. თუ 5 თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის, აქ მთავარი შენი დამოკიდებულებაა ჭამის მიმართ, შენი მოთმინება. მე ვფიქრობ, რომ მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების, სამარხვო ყველის ჭამა, არ არის სწორი. ვის ატყუებ ან საკუთარ თავს რატომ იტყუებ?

ჩვენი წინაპრები ზოგჯერ მზის ჩასვლამდე არ ღებულობდნენ საკვებს, ამით აუძლურებდნენ სხეულს, რათა სულისთვის მიექციათ მეტი ყურადღება. მარხვა გვაძლიერებს სარწმუნოებაში, მაგრამ შენ თუ არაფერს მოიკლებ, არაფერს მოითმენ და სულ იმაზე იფიქრებ, რა ჭამო, სულ სამარხვო მენიუს შედგენა-შერჩევაში იქნები, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საერთოდ, თანამედროვე ადამიანი ცდილობს ეკლესია მოირგოს, თავად კი არ მოერგოს ცნებებს. მარხვის შემთხვევაშიც იგივეა – ადამიანი ცდილობს მარხვა მოირგოს. როცა ადამიანი ფიზიკურად უძლურია, ჩვენ ვაძლევთ კურთხევას, რომ ხორცი და რძის ნაწარმი მიიღოს, სამაგიეროდ ის უფრო მეტს ლოცულობს და მეტ დროს უთმობს სულს, ანუ მარხულობს. 

მარხვა მარტო საკვები არ არის, ეს პირველ რიგში სწორი სულიერი დამოკიდებულებაა სარწმუნოების მიმართ. შეიძლება სულ პურსა და წყალზე იყო, მაგრამ თუ ვინმეს ლანძღავ, თუ ბილწსიტყვაობ, გულში ბოღმა გაქვს, სიკეთეს არ სჩადიხარ, ეს მხოლოდ საჭმლით მარხვა იქნება და ვერაფერში დაგეხმარება, სულს ვერაფეს უშველის”, – განაცხადა მამა შალვამ 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here