„მე არასდროს ვოცნებობდი წარმატებაზე – მე ვმუშაობდი ამისთვის!“ – ინოვატორი ბიზნეს ლედი, რომელსაც სილამაზის სწამდა

0
428

ძლიერი, ინოვატორი, ჭკვიანი.. ადამიანი, რომელმაც მისი დროის ყველა ნორმა დაამსხვრია – ასე ახასიათებენ ქალს, რომელზეც დღეს უნდა მოგითხროთ. მისი მოღვაწეობის პერიოდში არსებული სტერეოტიპის გამო, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისობისთვის იყო დაბადებული, უამრავი ქალბატონი კარიერის მიღმა დარჩა. ჩვენმა მთავარმა გმირმა კი – პოპულარული კოსმეტიკური ბრენდის შემქმნელმა, ესტე ლაუდერმა, შეძლო და აჩვენა სამყაროს, რომ ბიზნესი და ოჯახი შეთავსებადი რამაა და თუ მოინდომებთ, პასუხისმგებლიანი ცოლიც იქნებით და სამაგალითო ბიზნეს ლედიც.

ესტე ლაუდერი – ჯოზეფინ ესტერ მენცერი 1908 წელს ნიუ-იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი – მეცხრე შვილი ბავშვობიდანვე აღტაცებული იყო დედამისის გარეგნობით და მუდამ სურდა, მისნაირი ყოფილიყო. სილამაზის აღქმა თავიდანვე მძაფრად ჰქონდა სისხლში გამჯდარი – „დედაჩემი იყო პირველი, ვინც სილამაზედ აღვიქვი!“ ცნობილია, რომ დედამისი ხშირად ეუბნებოდა ხოლმე ქალიშვილს, რომ ის, თუ როგორ გამოიყურებიან ქალის ხელები, ბევრს ამბობს მათზე. ესტერი კი ყოველდღიურად აკვირდებოდა იმას, თუ როგორ უვლიდა საკუთარ კანს დედამისი.

საქმიანობის მხრივ, იგი ყოველთვის ემადლიერებოდა მამას, რადგანაც ბავშვობიდან მუშაობდა მის მაღაზიაში და როგორც თავად ესტერმა თქვა, სწორედ აქ დაეუფლა იგი გაყიდვების ხელოვნებას.

1914 წლიდან პატარა ესტერს ბიძასთან ერთად ხშირად უწევდა ყოფნა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს პერიოდი გახდა მისი ცხოვრებისთვის გარდამტეხი. მომავალი ბიზნესვუმენის ბიძა – ჯონ სკოცი ქიმიკოსი იყო. მან შექმნა კანის მოვლის კრემების „საიდუმლოებანი“ და ესეტერი სწორედ ამ რეცეპტებით დამზადებულ კრემებს საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებზე ყიდდა. მას კარგი გარეგნობა, სუფთა კანი და დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, რაც ეხმარებოდა, პროდუქტისთვის კარგი რეკლამირება გაეწია. სწორედ ასე იწყებდა აქცენტის მქონე ემიგრანტი გოგონა ბიზნესვუმენად გარდაქმნას.

„მჯერა, რომ პოტენციალი უსაზღვროა – წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გარისკავ, მოიქცე შენი ოცნებების შესაბამისად.“

1930 წელს იგი ჯო ლაუდერზე დაქორწინდა. 1933 წელს კი შეეძინა პირველი შვილი. მისი ბიზნესის განვითარებისთვის ოჯახს საერთოდაც არ შეუშლია ხელი, პირიქით – იგი ქმრის გვარზე გადავიდა და დააარსა კანის მოვლის საშუალებების კომპანია „Lauder Chemist“. ესტერი და მისი ქმარი პროდუქტს რეკლამირებას ტელეფონისა და ტელეგრაფის საშუალებით უწევდნენ – სათითაოდ რეკავდნენ, სთავაზობდნენ და უგზავნიდნენ ხალხს მას.

აღსანიშნავია, რომ ესტერი კარგა ხანს ოცნებობდა მსახიობობაზე, რადგანაც მას მტკიცედ სწამდა – „მსახიობები სილამაზის გამოხატულებანი არიან“. მან ითამაშა კიდეც ნიუ-იორკის ერთ-ერთი თეატრის სპექტაკლში, თუმცა, შემდეგ მიხვდა, რომ მისი სახელი ისტორიას საკუთარი ბიზნესით უფრო დარჩებოდა, რადგან მას ამ საქმეში მეტი პოტენციალი ჰქონდა.

ესტერის კომპანიის პროდუქციას განსაკუთრებული ხარისხი ჰქონდა. თუმცა, მისმა მომხმარებლებმა არ იცოდნენ, რომ რეალურად ისინი ღამ-ღამობით პატარა სამზარეულოში მზადდებოდა. ერთხელაც მისმა ერთმა კლიენტმა შეცდომით სალათის მომზადებისას მაიონეზის მაგივრად კრემი გამოიყენა, რაზეც ესტერმა სიცილით განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, გამოდგება! ჩემი კრემები მხოლოდ ნატურალური ინგრენდიენტებისგან მზადდება!“

დასაწყისიდანვე ნათელი იყო ბიზნეს ლედის მიზნები: ქალს დილას და საღამოს მხოლოდ 10 წუთი აქვს თავისუფალი და სწორედ ამ დროს მისი კანი უნდა გახდეს მეტად ახალგაზრდა და მბრწყინავი – ესტერს სწორედ ეს სურდა. ერთი სიტყვით, მისი კონცეფტი ამგვარი იყო – „სწრაფი და ეფექტური“.

სწორედ იმ მიზეზით, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ კარიერაზე უნდოდა, ეზრუნა, 1939 წელს ესტერი ქმარს გაეყარა, მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი ოფისი ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში გახსნა. კარიერული წინსვლისთვის იგი ფულსა და გავლენიან ადამიანებს იყენებდა. მან ბევრი რამ ისწავლა იმ დროისთვის ცნობილი არომატებისა და სურნელების საერთაშორისო კომპანიის თავმჯდომარისგან, არნოლდ ლუისისგან.

1942 წელს ესტერის და მისი ქმრის ქორწინება აღდგა და ისინი ერთიანი ძალებით ჩაუდგნენ სათავეში კომპანიის მმართვას. მათ გარკვეული როლები გადაინაწილეს: ესტერს მარკეტინგსა და ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა ევალებოდა, ხოლო ჯოს კი – ფინანსებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ ჯო ისედაც ბუღალტერი იყო პროფესიით. საბოლოოდ კი, მათ ერთობლივად შექმნეს „ესტე ლაუდერის კოსმეტიკური კომპანია“ (Estée Lauder Cosmetics). 1944 წელს გაიხსნა პირველი მაღაზია ნიუ იორკში. სწორედ ამ წელს, ესტერს მეორე შვილი შეეძინა, თუმცა, არც ამას უმოქმედია მისი ბიზნესის განვითარებაზე.

1946 წელს ესტე ლაუდერის კომპანია ოფიციალურად გაფორმდა. ესტერის იდეა იყო, ეთანამშრომლა კომპანიას ისეთ ცნობილ მაღაზიებთან, როგორებიც იყო: ბლუმინგდეილსი, მაკი, Saks-ი და ა.შ უნდა ითქვას, რომ ესტერის ეს სტრატეგია საკმაოდ ჭკვიანური იყო, რადგანაც მისმა პროდუქციამ „ღირსეული“ თავშესაფარი იპოვა და ბრენდს დიდი პრესტიჟი მოაპოვებინა. მომხმარებლებმა უკვე იცოდნენ, რომ ესტე ლაუდერის პროდუქცია მაღალი ხარისხის იყო. იმ პერიოდში, მან ოთხი ახალი პროდუქტი გამოუშვა – გამწმენდი ზეთი, კრემების პაკეტი, კანის უნიკალური კრემი და კანის ლოსიონი. ეს ყველაფერი მომხმარებლებისთვის უდიდეს სიახლეს წარმოადგენდა. სწორედ ამ ოთხი პროდუქტისა და რწმენის, რომ ყველა ქალს შეუძლია, იყოს ლამაზი, მან საკუთარი ოცნების ახდენაზე მუშაობა მთელი ძალით დაიწყო.

რაც უფრო იზრდებოდა ინოვატორი ლედის ბიზნესი, მით მეტად საჭირო ხდებოდა პროდუქტის ელეგანტური შეფუთვა. სწორედ ამიტომ, მან მოიფიქრა პროდუქციის ისეთი ფერის „ჭურჭელში“ განთავსება, რომელიც, მისივე თქმით, კარგად მოერგებოდა ნებისმიერ სააბაზანოს.

1950-იან წლებში ესტერს მტკიცედ სწამდა, რომ მისი პროდუქტის უფასო ნიმუშების გავრცელება კომპანიას სიკეთეს მოუტანდა. იმ დროისთვის ეს დიდ სიახლეს წარმოადგენდა. სხვა მსგავსი კომპანიების მენეჯერები ესტერის ნაბიჯს ირონიულად უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი მის კომპანიას დააზარალებდა. ესტერს ირონიული მითქმა-მოთქმისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მან დაამზადა სპეციალური სტენდები, სადაც ხალხს შეეძლებოდა პროდუქციის უფასო ნიმუშების მიღება და ამ პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგება. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში კი ისინი საჩუქარსაც მიიღებდნენ. მას მერე კი, რაც მისი პროდუქცია Saks Fifth Avenue-ში განთავსდა, ესტერი ყველა მყიდველს სპეციალურ პუდრას ჩუქნიდა, რის გამოც ერთ კვირაში მთელი მარაგი გაიყიდა. სწორედ ამ შემთხვევამ დაუდო კომპანიის კონცეფტს – „საჩუქარი შენაძენზე“ სათავე.

საბოლოოდ, გეგმამ გაამართლა! მომხმარებლების გაზრდილმა რიცხვმა და უფრო მეტად გაზრდილმა შემოსავალმა ესტერს შესაძლებლობა მისცა, გაეხსნა ახალი მაღაზიები, ესარგებლა მაღალი დონის ლაბორატორიებით და დაკავშირებოდა პროფესიონალ დერმატოლოგებს.

ესტერი რეგულარულად სტუმრობდა ერთ-ერთ სილამაზის სალონს (Ash Blondes), სადაც თმის ფერს „იახლებდა“. ერთ დღესაც, მისმა მფლობელმა ესტერს ჰკითხა, თუ როგორ ინარჩუნებდა საკუთარ კანს ასეთ კარგ მდგომარეობაში. ესტერს ეს შანსი არ გაუშვია! როგორც შემდეგ აღნიშნა, იგი მაშინვე მიხვდა, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა. 1 თვის შემდეგ სალონში იგი თავის პროდუქტთან ერთად დაბრუნდა. სალონის მფლობელმა კი მალე ირწმუნა ესტერის კრემების სასწაულებრივი ძალის. სწორედ ამის შემდეგ, სალონის მეპატრონემ იგი სამსახურში აიყვანა – ესტერი ამ ბიზნესშიც ჩაერთო.

1965 წლისთვის ბიზნესვუმენს საკუთარ ბიზნესში 14 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჰქონდა უკვე ჩადებული. 1967 წელს კი ესტერი 100 საუკეთესო ანტრეპრენუარს შორის მოხვდა.

70-იანი წლებისთვის ესტე ლაუდერის პროდუქცია უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. 1973 წელს ბრენდის პრეზიდენტის პოზიცია ესტერის უმცროსმა შვილმა, ლეონარდომ დაიკავა, თავმჯდომარედ კი მისი ქმარი, ჯო რჩებოდა, თუმცა, რეალურად, ბრენდის უშუალო მფლობელი და სახე თავად ჯოზეფინ ესტერი იყო.

1985 წელს ესტერ ლაუდერზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სახელწოდებით, „ესტე ლაუდერი: წარმატების ტკბილი სურნელი“, რომელშიც იგი თავის წარმატებას შემდეგნაირად ხსნიდა: „არც ერთი დღე მიცხოვრია გაყიდვების გარეშე. თუკი მე რაიმესი მწამს, მას მომენტალურად ვყიდი, ვყიდი თავდაუზოგავად!“

1990 წლისთვის მთელი ამერიკული კოსმეტიკის 1/3 მხოლოდ ესტე ლაუდერის ბრენდის მიერ იყო წარმოებული. საბოლოო ჯამში, 60 წლის განმავლობაში ესტე ლაუდერმა შექმნა კოსმეტიკური ბრენდების ფართო სპექტრი, რომლებიც მომენტალურად გახდნენ პოპულარულები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

ესტერ ლაუდერს ძალიან უხაროდა ის, რომ მისი შვილები ოდესღაც მის შექმნილ ბიზნესს უხელმძღვანელებდნენ. იგი კომპანიიდან 1995 წელს წამოვიდა, 2004 წელს კი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსაიშნავია, რომ გარდაცვალებამდე იგი პრეზიდენტის მედლით დაჯილდოვდა.

„ჩემი კომპანია თავისი უშიშარი სულისკვეთებით ცოცხლობს, ჩემი შვილები და შვილიშვილები კი იმისთვის არიან, რომ ეს ყველაფერი დაამტკიცონ – მე მათ ჩემი რწმენა გადავდე.“

იმ პერიოდში, როცა ბიზნესის მართვის სადავეები თითქმის მხოლოდ კაცებს ეპყრათ ხელთ, ესტე ლაუდერმა გაბედა და დიდი ინსპირაციისა და მოტივაციის დახმარებით ააშენა ესტე ლაუდერის კოსმეტიკის „იმპერია“, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ბაზარზე პოპულარობას.

„თქვენ ჩემს ასაკს მეკითხებით? – მე გეტყვით, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, როგორ „ბრწყინავ“ – სილამაზის საიდუმლო სწორედ ამაშია!“

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here