მამაკაცი, რომელმაც მაიკლ ჯექსონი დაირქვა, ნამდვილი სახელის დაბრუნებას ითხოვს

0
347

ბრიტანელ მამაკაცს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მაიკლ ჯექსონი დაირქვა, მუსიკოსის სავარაუდო პედოფილიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland ნახვის შემდეგ, საკუთარი სახელისა და გვარის, ჯონ ლომასის დაბრუნება სურს. ის შიშობს, რომ სახელი მაიკლ ჯექსონი სამომავლო დასაქმებაში ხელს შეუშლის.

“ბავშვობაში რამდენიმე არტისტი მყავდა აკვიატებული, ერთ-ერთი მათგანი მაიკლ ჯექსონი იყო. რამდენიმე წლის წინ ლოს ანჯელესში გავემგზავრე და დაბრუნების შემდეგ სახელი შევიცვალე. დიდი ხნის განმავლობაში მას ბრმად ვენდობოდი, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი. ახლა ამ სახელის მოშორება მჭირდება. თუ ახალი სამსახურის ძიებას დავიწყებ, დამსაქმებელზე უარყოფით შთაბეჭდილებას მოვახდენ, რადგან პედოფილის სახელი მქვია. გადარქმევა 120 გირვანქა სტერლინგი ღირს. ფლეილისტიდან მაიკლის სიმღერები წავშალე და ყველა მისი სუვენირი ნაგავში მოვისროლე. ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყო”, – ამბობს 38 წლის ჯექსონი, რომელიც საჭირო თანხის შეგროვებას ვებგვერდ GoFundMe-ს საშუალებით ცდილობს.

მამაკაცი, რომელმაც მაიკლ ჯექსონი დაირქვა, ნამდვილი სახელის დაბრუნებას ითხოვს

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა სახელი პირველად 1999 წელს შეიცვალა. მაშინ მან ჯონ ლენონი დაირქვა. 
რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებული Leaving Neverland ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაკის ინტერვიუებს ეფუძნება. ისინი აცხადებენ, რომ მუსიკოსმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ფილმის პრემიერას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რამდენიმე რადიოსადგურმა არტისტის კომპოზიციების ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ანიმაციური სერიალიდან “სიმფსონები” მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი ამოიღეს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად გახსნილ ვარსკვლავს პოლიცია გაძლიერებულად იცავს. ფრანგულმა მოდის სახლმა, “ლუი ვიტონმა” კი მამაკაცების 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან მომღერლის შთაგონებით შექმნილი სამოსი ამოიღო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here