სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს: „ვინ არის მოღალატე?! ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას?! ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და ‘სამხრეთ ოსეთად’ ოფიციალურად მონათლა?!“

0
4749

„თუ ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს და არ ვხმარობ და მერიდება კიდევაც, რომ ვიხმარო მათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ ვინ არის, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და ‘სამხრეთ ოსეთად’ ოფიციალურად მონათლა?!- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, რითაც პასუხი გასცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი „მოღალატეა“.


„ვინ დატოვა კოდორში მთელი ჩვენი შეიარაღება ძვირადღირებული და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ამ კითხვებზე როცა გავცემთ ერთად პასუხს და უთუოდ იქნება პასუხი გასაცემი, ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ მე ვიქნები პრეზიდენტი თუ ვინ იქნება, მაგრამ მე ვიქნები, არის დამოკიდებული სხვა რამეზე, ჩვენ ბოლოს და ბოლოს ჩვენს წარსულზე, დანაშაულებზე ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ გვაქვს მომავალი და ამ მომავალში ჩვვენ არამხოლოდ საქმე უნდა ვაკეთოთ, არამხოლოდ ეს ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ. და რომ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, ჩვენს ძმებს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი, რომ ჩვენ ერთად გავმთლიანდებით და ჩვენ ის ხალხი, რომელიც დღეს გვაბრუნებს წარსულში, ჩვენ მათ დავტოვებთ წარსულში…. ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოსთვის“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მისი რუსეთთან დამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა.

„რუსეთთან ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, ეს არის უცვლელი 60 წელზე მეტია. საქართველოს გათავისუფლება არის და იქნება, მე რაც მრჩება წლები ცხოვრებისა, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება – მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? – რუსეთისგან. ემიგრაცია ატარებდა ევროპაში ბოლომდე დამოუკიდებლობის დროშას და იდეას. ჩემი დაბრუნება ამ ქვეყანაში, როცა ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი იყო, იყო მიმართული სწორედ ამისკენ – დამოუკიდებლობის გაძლიერება და საქართველოს დაბრუნება ევროპაში, სადაც ეკუთვნის. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია – ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე, ჩემი ქართულით ვლაპარაკობ – ამას ვიძახი დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი. 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენობა და რის გამოც, ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში.

ასევე, აგრესორი და ოკუპანტი 2008 წლიდან და წელს, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე შეიძლება ყველაზე კარგად ვიცი – ყველა, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.


„მეორე თემა – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია, რუსეთმა და რატომ – რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით – საქართველოს რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც ერთი და ერთი ორია, ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასოდეს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე. არც ერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, თქვას, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. ვისი ინტერესია, გეკითხებით, რომ ამ საკითხზე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უფრო უარესია, რომ თურმე, საქართველოში ამ საკითხის მიმართ არის გაყოფილი აზრი. ეს ვისი ინტერესია? ალბათ, ამაზე თქვენ თვითონ უპასუხებთ. მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე…. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგში ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები….

ახლა მე მივმართავ მედიას – რატომ არ მოუსმინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ იმას, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები და კარნახობდნენ ყოველდღიურად; რატომ არ გამოაცხადა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმთავითვე, დღეს რომ მეკითხებით, იმ დროს რატომ არ გამოაცხადა და დაელოდა სამ დღეს, რომ ეთქვა, ვინ იყო აგრესორი. მანამდე რა გვესმოდა? რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს. ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის კონფლიქტთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ, როგორც ჩანს.

საერთაშორისო საზოგადოებას რატომ არავინ მიმართა პირველივე დღესვე, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? რატომ არ თქვით საზღვარგარეთ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ველოდებოდით მაშინ? უფრო სწორდ, რას ელოდებოდა იმდროინდელი ხელისუფლება? და ბოლოს, ვინც მაბრალებს სამართლებრივი კუთხით საერთაშორისო სასამართლოების დავების დროს, შეიძლება ჩემი ართქმული ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადებები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. მათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შიეძლება რომ ავნოს საქართველოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში?” აღნიშნა ზურაბიშვილმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here