რა გადაურჩა ხანძარს ნოტრ-დამში

0
350

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის მთლიანად ლიკვიდირებულია. ცეცხლის ჩასაქრობად სრული 15 საათი აღმოჩნდა საჭირო. დამწვარ კათედრალში ბოლო რამდენიმე საათია სპეციალისტები მუშაობენ და ცდილობენ დაადგინონ, რა გადარჩა და რა გაანადგურა ხანძარმა.

ცნობილია, რომ გადარჩა მთავარი საგანძური, ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი და წმინდანი მეფის, ლუი მე-9-ის მოსასხამი, რითიც გვირგვინი პარიზში ჩაიტანეს.

მეხანძრეების და ტაძრის მსახურების თქმით, სიცოცხლის ფასად დაუჯდათ, რომ ტაძარში არსებული საგანძური ნოტრ-დამიდან უვნებლად გამოეტანათ. საგანძურს დროებით ლუვრის მუზეუმში გადაიტანენ.

ხანძრის შემდეგ დაუზიანებელია ტაძრის წინა ფასადი, უვნებელია მთავარი შესასვლელი, ცნობილი კარი. ასევე ხანძარს გადაურჩა ერთი ვიტრაჟი.

ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ნოტრ-დამის კოშკურა. საფრანგეთის რევოლუციის დროს კოშკურა ასევე იქნა დანგრეული, თუმცა ის აღადგინეს. ასევე, დაიწვა ნოტრ-დამის სახურავი და ჩამოინგრა საათი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ორი ვიტრაჟი საგრძნობლად არის დაზიანებული. არსებული ინფორმაციით, დაიწვა რამდენიმე დიდი ნამუშევარი, რომელიც ნოტრ-დამის შიგნით იყო განთავსებული.

ამ წუთებში ნოტრ-დამში ექსპერტები მუშაობენ. მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა, რა გადარჩა და რა დაკარგა მე-13 საუკუნის გოთიკურმა ძეგლმა.

“დაწყებულია გამოძიება. ადგილზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ასე რომ რა თქმა უნდა არსებობს შეკითხვები. მაგრამ ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. ის ამ დროისთვის ცნობილი არაა. ღამით რამდენიმე კერა ახლიდან აალდა, თუმცა დაუყოვნებლივ მოხდა მათი ლოკალიზება. ხანძრის საფრთხე აღარ არსებობს. ახლა ტაძრის შენობას ვსწავლობთ, რადგან მისი მდგრადობა შევაფასოთ,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლორენ ნუნემ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here