გადაიღებენ თუ არა ჰოლივუდის კინომწარმოებლები ფილმებს საქართველოში

0
453

საქართველოს, როგორც მიმზიდველი კინომოედნის პოტენციალს პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში ცნობილი ჰოლივუდური კომპანიების – HBO და Universal Pictures-ის წარმომადგენლები სწავლობენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს. პროგრამის ფარგლებში შემოსულია სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების 20 განაცხადი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება თითქმის 40 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ვიზიტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქვეყანაში ჩამოსულ ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „ტრანსფორმერები“ (TRANSFORMERS), „ვარსკვლავური ომები“ (STAR WARS: The Force Awakens), „ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლი“ (SKY FALL), „არ გამიშვა“ (NEVER LET ME GO) და ა.შ.

კინოწარმოების ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში 1 მაისამდე გაგრძელდება.

სტუმრები დაათვალიერებენ ბათუმს,  ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს, უფლისციხეს, ციხისძირს და რუსთავს.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. როგორც მასპინძელი მხარე აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სტუმრებს ექნებათ შეხვედრები ქართველ კინომწარმოებლებთან და ქართული საპროდიუსერო კომპანიებთან. ქართული კინოს სფეროს წარმომადგენლები ამერიკელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოინდუსტრიის შესაძლებლობებს  და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურას.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას“, – ნათქვამია „გადაიღე საქართველოშის“ განცხადებაში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here