რა უნდა ვიცოდეთ ასკილის სასარგებლო თვისებების შესახებ

0
511

საქართველოში ასკილის მრავალი სახეობაა გავრცელებული, მათ ერთი და იმავე დანიშნულებით იყენებენ. ასკილი გავრცელებულია როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან ადგილებში, შეთხელებულ ტყეებში, ტყის, გზის პირებზე, ნაკადულების, მდინარეების ნაპირებზე.
ასკილის ნაყოფს აგროვებენ ყინვების დადგომამდე. მიზანშეწონილია ნაყოფის შეგროვება სრულ დამწიფებამდე, როდესაც იგი ჯერ კიდევ მაგარია, მაგრამ უკვე წითელია ან ნარინჯისფერი.
ამ დროს ნაყოფი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. შეგროვილი ნაყოფი უნდა გაშრეს სწრაფად სხვენზე, ფარდულში კარგი ვენტილაციის პირობებში, შესაძლებელია გაშრობა ღუმელში, ან საშრობებში 80-90 გრადუს C ტემპერატურის დროს.
ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს.

რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი – ტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს.
ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.
თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.
სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ.
ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

ინგა მარიამიძე

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here