მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა, შესაძლოა, კავშირგაბმულობის გარეშე დარჩეს

0
1061

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოუწოდა კომპანია Magti-ს, უზრუნველყოს Magti Fix-ის აბონენტები, მისი გათიშვის შემდეგ, ალტერნატიული კავშირით, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომპანია Magti-სთვის მომავალი კვირიდან CDMA-ზე ლიცენზიის ვადა იწურება. ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია ვეღარ მოემსახურება Magti Fix-ის აბონენტებს. ეს აბონენტები, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არიან.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, კომპანია Magti ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს და მზადაა, მთელ რიგ დათმობებზე, თუმცა, ტელესაკომუნიკაციო კომპანია წინადადებებზე უარს აცხადებს.

„კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს” მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის, ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Magti Fix-ის სერვისის გაუქმება პრობლემას წარმოადგენს სასაზღვრო და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის, რომელიც კავშირგაბმულობის გარეშე შეიძლება დარჩეს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here