გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მივა

0
761

საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვალ,  28 ივნისს,  პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე არ წარდგება, იუწყება ქართული მედია.

24 ივნისს გიორგი გახარიამ  წერილობით მიმართა პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გამოსვლა პლენარული სესიის დღის წესრიგში ოფიციალურად არ ჩანიშნულა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პარასკევს, 28 ივნისს მოესმინათ.

თუმცა, როგორც დღეს ცნობილი გახდა, მმართველი გუნდი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე  პრემიერის და სხვა მინისტრების პარლამენტში წარდგომას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, განვითარებულ მოვლენებზე ვიმსჯელოთ შესაბამის წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით  საქართველოს  პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძეც  უნდა წარმდგარიყო,  მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მისი გამოსვლა გადაიდო.

თბილისის ცენტრში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი კვირაა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა. დააკავეს 300–ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან პატიმრობაში სამი რჩება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here