“თავისუფლების მარში” – მასშტაბური მსვლელობა 19 საათზე დაიწყება

0
398

 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორები 19:00 საათზე  რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას –  „თავისუფლების მარშს“ გამართავენ.

მომიტინგეთა მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ  გიორგი გახარიას გადადგომაა. ისინი მას აქციის დარბევის დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით,  დღევანდელი მსვლელობა  მასშტაბური იქნება, რადგან მასში მონაწილეობას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები მიიღებენ.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

თავად გახარიას განცხადებით, პოლიციის მოქმედება ლეგიტიმური იყო, რადგან ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობას. ასევე, ქვეყნის პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებების თანახმად, ხელისუფლება გახარიას გადადგომის საკითხს არ განიხილავს, პირიქით, მას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისთვის, მადლობა გადაუხადეს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here